ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 20 აპრილი, 2023
გაზიარება

სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთისწინააღმდეგ (IV)“ (ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე) სტრასბურგის სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა

დღევანდელი განჩინებით სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ (ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე) სრულად დასაშვებად გამოაცხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებელია რუსეთი, რადგან დღემდე განგრძობითად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე.


საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილი მე-4 სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობისა და ამგვარი ფაქტებისადმი რუსეთის ოფიციალური შემწყნარებლობის ადმინისტრაციულ პრაქტიკას.


აღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავრობის კომპლექსური სამართლებრივი პოზიციები და მტკიცებულებები გაიგზავნა 2021 და 2022 წლებში, მათ შორის, მასალა ეროვნული არქივებიდან; საქართველოს სამთავრობო უწყებების მიერ რუსეთის ფედერაციის დარღვევების შესახებ დოკუმენტირებული ინფორმაცია და სტატისტიკა; ეროვნული სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის შესაბამის საქმეებზე; საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები; რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების საჯარო განცხადებები; სეპარატისტი დეფაქტო „ხელისუფლებების“ და რუსეთის ფედერაციის „ურთიერთობის“ ამსახველი წყაროები (ინფორმაცია მათ შორის არსებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, სამხედრო და სხვა ტიპის მჭიდრო კავშირებზე).


აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს სამართლებრივი პოზიცია წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და დასაშვებად ცნო საქართველოს მთავრობის ყველა პრეტენზია.


სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაშვებობის ეტაპისთვის არსებობს რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები: მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-18 (უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლები, დამატებითი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები და მე-4 ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება).


აღსანიშნავია, რომ მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული საქმეები წარმოადგენს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის საილუსტრაციო შემთხვევებს და განხილული იქნება ზემოხსენებული ადმინისტრაციული პრაქტიკის ფარგლებში. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ევროპული სასამართლო კონკრეტულად ამ საქმეების ფაქტობრივ გარემოებებზე იმსჯელებს ინდივიდუალური საჩივრების ჭრილში, სადაც საქართველოს მთავრობა ერთვება მესამე მხარედ და წარადგენს სამართლებრივ პოზიციას მომჩივანთა მხარდასაჭერად.


დასაშვებობის დადგენის შედეგად ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე ახლა გადაინაცვლებს არსებითი განხილვის ეტაპზე, სადაც სასამართლო შეისწავლის საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გასაჩივრებულ ადამიანის უფლებათა მასობრივ და კონკრეტულ დარღვევებს.


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ საქმეში მტკიცებულებების შეგროვების ეტაპზე აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდის სახელმწიფო უწყებებს, განსაკუთრებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ კომისიის თავმჯდომარესა და დელეგაციის წევრებთან საქართველოს ეროვნული ნარკოპოლიტიკის პრიორიტეტები და მიდგომები განიხილა.

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ნარკოპოლიტიკა 4-სვეტოვან სტრატეგიას ეფუძნება და მისი მიზანია დანაშაულის პრევენცია, მკურნალობა-რეაბილიტაცია, ზიანისა და მიწოდების შემცირება.

მინისტრმა ECECACD-ის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობასა და იმ სტრატეგიულ დოკუმენტებზე, რომლებითაც საბჭო ხელმძღვანელობს. საუბარი ასევე, შეეხო ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის საქმიანობას და მის როლს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის ფორმირების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (UNODC); ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფი (Pompidou Group) და ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტო (EUDA).

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა.

პაატა სალიამ რამაზ თათარაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

რამაზ თათარაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 28-წლიანი გამოცდილება აქვს, ძირითადად, მენეჯერულ პოზიციებზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე იგი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

რამაზ თათარაშვილი პოლიციის პოლკოვნიკია.