ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 31 მარტი, 2023
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

32 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული ისტორიული რეფერენდუმის მნიშვნელობაზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს. ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში სამაგალითო სამოქალაქო ერთსულოვნების მაგალითია, რადგან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამართულ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღეს, მათ შორის, აფხაზმა და ოსმა თანამოქალაქეებმაც, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას დაუჭირეს მხარი. სწორედ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები დაედო საფუძვლად უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის მიღებას.

სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივებზე, შერიგების პოლიტიკაზე და 31 მარტის რეფერენდუმით კიდევ ერთხელ გაცხადებულ ნებაზე, რომელიც დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობას გულისხმობს.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი და სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სკოლის პროფესორები და სამართლის სხვადასხვა დარგის გამოჩენილი სპეციალისტები, დოქტორანტები და დარგის მკვლევრები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სექტემბრის სხდომაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა.

საქართველოს ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით, კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას:

  • შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან;
  • შეწყვიტოს ე.წ. ბორდერიზაცია, უზრუნველყოს მოსახლეობის თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება, საკუთრებაზე წვდომა და ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში;
  • შექმნას დევნილებისთვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები და აღკვეთოს მკვლელობების, გატაცებების, წამების, უკანონო დაკავებებისა და სხვა მძიმე დარღვევების პრაქტიკა.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში უკვე მიაღწია ისტორიულ გამარჯვებებს - მათ შორის, ე.წ. დეპორტირებულების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და „განგრძობადი ოკუპაციის“ საქმეებზე.

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა. ლაშა მაღრაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში;

აქვს 20-წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიც არის: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება; სააღსრულებო სისტემა; სასამართლო სისტემა; სამოსამართლო სწავლება; ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა პირველი მოადგილის თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.