ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 13 ივლისი, 2022
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი: „ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო დარგობრივი თანამშრომლობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“

რატი ბრეგაძე ჩეხეთში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბერძენ კოლეგასაც შეხვდა.

რატი ბრეგაძემ კოსტას ციარისთან საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და საბერძნეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის არსებული დარგობრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
მხარეებმა ურთიერთობის გაგრძელების შესაძლო მიმართულებებზე ისაუბრეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბერძენ კოლეგას საქართველოსა და საბერძნეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა.

„დარწმუნებული ვარ, რომ მემორანდუმი შექმნის შესანიშნავ პლატფორმას ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისათვის და გახსნის კარებს ახალი ინიციატივებისთვის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. 2021 წელს სტრატეგიის ამოქმედებიდან დღემდე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმდა თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის, ინდონეზიის იუსტიციის სამინისტროებთან.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის №1139 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.

კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევნებში, რომელიც 2026 წელს გაიმართება.

საკონკურსო მოთხოვნები განთავსებულია ბმულზე.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარადგინონ 2026 წლის 19 იანვრამდე.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების (CCPCJ) 34-ე სესიაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის (CCPCJ) 34-ე სესიის ფარგლებში კომისიის საქმიანობის სფეროს არსებითი საკითხების განხილვაში.

სესიის ფარგლებში განიხილეს, მათ შორის, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფოთა მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგები და სამომავლო პერსპექტივები; ასევე, სახელმწიფოთა მიერ სისხლის სამართლის პოლიტიკისა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის საკითხებზე კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტების აღსრულების ტენდენციები. დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის ფარგლებში შემუშავებულია გაეროს სტანდარტებისა და ნორმების სახელმძღვანელო ინსტრუმენტები, რომლებიც აერთიანებს სისხლის სამართლის სფეროს არსებით საკითხებს.

კომისიამ იმსჯელა გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-15 კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოების შინაარსობრივ და ორგანიზაციულ საკითხებზე. კონგრესი დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის სფეროში გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მიზანია ცოდნის, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლისთვის ეროვნული და საერთაშორისო სტრატეგიების შემუშავება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტების განსაზღვრა.

სესიას, ასევე, ესწრებოდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლომთაძე.