ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 16 ოქტომბერი, 2021
გაზიარება

„კანონის უზენაესობის ინდექსით” საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლიდერობს

კანონის უზენაესობის 2021 წლის ინდექსში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში I ადგილზე, საშუალოშემოსავლიანი კატეგორიის ქვეყნების ხუთეულში, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო 50 ქვეყანას შორისაა.

„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის ინდექსი კანონის უზენაესობის მხრივ ვითარებას 44 ინდიკატორის მიხედვით მსოფლიოს 139 ქვეყანაში აფასებს.

კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მმართველობის ზომიერება, ფუნდამენტური უფლებები, ნორმატიული უზრუნველყოფა და სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება - ჩამოთვლილ კატეგორიებში საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზე გავიდა.

44 ინდიკატორიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია კრიმინალისგან თავისუფლების/დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის ინდექსი. აქაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველი, ევროპის საუკეთესო ათეულში მე-9, მსოფლიოში კი მე-14 პოზიციაზეა.

რაც შეეხება კიდევ ერთ კატეგორიას: „კორუფციისგან თავისუფლების ინდექსი“ - საქართველო მსოფლიოში 31-ე, ხოლო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-19 პოზიციას იკავებს.

„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია კვალიფიციურ რესპონდენტთა (ექსპერტთა) და მოსახლეობის გამოკითხვას ეფუძნება. ინდექსის კვლევისთვის მსოფლიოში ასეულობით ათასი რესპონდენტი და ექსპერტი გამოიკითხა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა.

პაატა სალიამ რამაზ თათარაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

რამაზ თათარაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 28-წლიანი გამოცდილება აქვს, ძირითადად, მენეჯერულ პოზიციებზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე იგი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

რამაზ თათარაშვილი პოლიციის პოლკოვნიკია.

გაზიარება
ბეჭდვა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლის რიგით 128-ე ფილიალი გაიხსნა. ჭალის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 600-ზე მეტი სერვისის მიღება თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობაში იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით შეეძლება.

იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, პარლამენტის წევრმა პაატა კვიჟინაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ საზეიმოდ გახსნეს.

ჭალის იუსტიციის სახლი სრულად ადგილობრივი საკადრო რესურსით დაკომპლექტდა. სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურა მოწყობილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით და შესაბამისი სტანდარტების დაცვით.

იმერეთის რეგიონში ამჟამად იუსტიციის სახლის 28 ფილიალი ფუნქციონირებს და ყოველწლიურად საშუალოდ 600 000-ზე მეტ მომხმარებელს აწვდის სერვისს; მაღალმთიანი და მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი, იმერეთში სამი „მობილური იუსტიციის სახლი“ ოპერირებს და რეგიონის 74 სოფლის 10 000-მდე მცხოვრებს ემსახურება.

მიმდინარე წელს იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი აჭარაში, ხელვაჩაურშიც გაიხსნა, კიდევ ერთი ფილიალი კი, წლის ბოლომდე ქალაქ მცხეთას შეემატება. იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურული განვითარების ფარგლებში მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს წალენჯიხაში.
იუსტიციის სახლის ფილიალები და „მობილური იუსტიციის სახლები“ ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად 6 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურებიან, იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრი კი, 1 მილიონზე მეტ მომხმარებელს უწევს კონსულტაციას.

ჭალის იუსტიციის სახლის გახსნას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.