ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 31 ივლისი, 2024
გაზიარება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს, ქალბატონ ნილაქში საჰა სინჰას შეხვდა

ბექა ძამაშვილმა ინდოეთის ელჩს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო პარტნიორ სახელმწიფოებთან სამართლებრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროში; ინოვაციურ პროექტებს სახელმწიფო სერვისების მიწოდების მიმართულებით და განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს პენიტენციურ სისტემაში;

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ ინიციატივებზე;

მინისტრის მოადგილემ ინდოეთის ელჩი მოიწვია გაერო-ს სახელმწიფო სერვისების ფორუმზე, რომელსაც 2026 წელს საქართველო უმასპინძლებს;

ინდოეთის ელჩთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა
გაზიარება
ბეჭდვა

18 ოქტომბერი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა

18 ოქტომბერი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება და მიზნად ისახავს ამ დანაშაულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და თანამშრომლობის გაძლიერებას.

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე პროაქტიული გამოვლენის, მსხვერპლთა დაცვა-დახმარებისა და თანამშრომლობის მიმართულებით; აღნიშნული პოლიტიკის კოორდინაციას კი, ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით. საგულისხმოა ისიც, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველო უკვე მე-11 წელია, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო – 2026 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს.