ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025
გაზიარება

გამოქვეყნდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) შეფასების რიგით მე-4 რაუნდის ანგარიში


2025 წლის 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) შეფასების რიგით მე-4 რაუნდის ანგარიში. „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების შეფასების მე-4 რაუნდი დაეთმო ადამიანით ვაჭრობისათვის მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენასა და მათ დაცვას.

ანგარიშის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ტრეფიკინგის წინააღმდეგ საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პოლიტიკური მექანიზმების შემდგომი განვითარებისთვის. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ტრეფიკინგის წინააღმდეგ სახელმწიფოს თანმიმდევრულმა პოლიტიკამ, რომელსაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო. ანგარიშში, ასევე, პოზიტიურად შეფასდა დანაშაულის მსხვერპლთა/დაზარალებულთა კომპენსაციის პროცედურის გამარტივება, დანაშაულის გამოვლენაზე პასუხისმგებელი სახელწმიფო უწყებების უფლებამოსილების ზრდა და სფეროში დასაქმებული პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები.

შეფასების მე-4 რაუნდის ფარგლებში 2024 წლის 23-27 სექტემბერს GRETA-ს დელეგაცია იმყოფებოდა ვიზიტით საქართველოში.

საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს.

GRETA-ს შეფასების მე-4 რაუნდის ანგარიშში აღნიშნული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია. საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედის ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების, სახალხო დამცველის აპარატისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

GRETA-ს შეფასების მე-4 რაუნდის ანგარიში იმეორებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის სულისკვეთებას, რომლის თანახმად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო უკვე მე-10 წელია უმაღლეს საფეხურზეა და ინარჩუნებს ადგილს „პირველ კალათაში“.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.