ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 02 აგვისტო, 2022
გაზიარება

„იუსტიციის“ მეორე ნომერი გამოიცა


ჟურნალის მე-2 ნომერში მკითხველს შეუძლია, გაეცნოს ქართველი და უცხოელი მკვლევრების ნაშრომებს თანამედროვე სამართლის მეცნიერების ისეთ აქტუალურ გამოწვევებზე, როგორიცაა: ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა, ტერორიზმის ცნების განსაზღვრა; კიბერშეტევის სამართლებრივი განსაზღვრება; ნაფიც მსაჯულთა და მედიაციის ინსტიტუტები ქართულ სამართლებრივ სივრცეში; დავების ალტერნატიული გადაწყვეტა კონკურენციის სამართალში.

სამართლის ისტორიით დაინტერესებული პირებისათვის გრძელდება ცნობილი მეცნიერის, ვილჰელმ ზაუერის, ნაშრომის („სამართლიანობა“) პუბლიკაცია, რომელიც ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება. აქვეა შესაძლებელი 1791 წლის პოლონეთის კონსტიტუციის გაცნობაც.

გამოცემის მე-2 ნომერში მკითხველი შეხვდება, აგრეთვე, სომხეთის იუსტიციის მინისტრ კარენ ანდრეასიანისა და საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის, ინტერვიუებს; ცნობილი ქართველი მეცნიერის, სამართალმცოდნე ოთარ გამყრელიძის ბიოგრაფიას.

იუსტიციის სამინისტროს ქართულ-ინგლისური ჟურნალი „იუსტიცია“ (ლათ. „IUSTITIA“) გასული წლის ივნისში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაარსდა. ის ყოველკვარტალური, რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემაა. მისი მიზანია სამართლის ცალკეული დარგის განვითარებისა და იურიდიულ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავების ხელშეწყობა.

მიმაგრებული დოკუმენტები

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია პრემიერ-მინისტრის ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შერჩეულ 189 სტაჟიორს შეხვდა.

მინისტრმა ახალგაზრდებს კონკურსის წარმატებით გავლა მიულოცა და აღნიშნა, რომ სტაჟირება მათთვის პროფესიულ გარემოში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა. მან სტაჟიორებს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს პერიოდი, გამოიჩინონ ინიციატივა, დასვან კითხვები, გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები და აქტიურად ჩაერთონ უწყებების საქმიანობაში.

პაატა სალიამ ხაზი გაუსვა, რომ იუსტიციის სამინისტრო სტაჟირებას განიხილავს არა მხოლოდ როგორც პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მიღების შესაძლებლობას, არამედ როგორც სისტემაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვის მნიშვნელოვან მექანიზმს. სამინისტროს მიზანია, წარმატებული სტაჟიორებისთვის პროგრამა შემდგომი პროფესიული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობად იქცეს.

2026 წელს იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის 12 საჯარო სამართლის იურიდიულ პირში 293 ვაკანსია გამოცხადდა, რომლებზეც 6 639 განაცხადი შევიდა. კონკურსის შედეგად 189 სტაჟიორი შეირჩა.

2025 წელს პროგრამით მიღებული 156 სტაჟიორიდან 109-ს სტაჟირების ვადა გაუგრძელდა, მათი ნაწილი კი შემდგომ დასაქმდა.

სტაჟირება სამთვიანია, გაგრძელების პერსპექტივით. პროგრამა ანაზღაურებადია და სტაჟირების პერიოდი სამუშაო გამოცდილებაში/სტაჟში ითვლება.


პატივისცემით,

გაზიარება
ბეჭდვა

თბილისში კორეა-საქართველოს სტრატეგიული ფორუმი - „ხელოვნური ინტელექტი საჯარო მმართველობაში“ გაიმართა

ფორუმი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს ხელოვნური ინტელექტის სფეროში მთავრობათაშორისი თანამშრომლობის მიმართულების დირექტორმა, ჰაისუნ ჩოიმ გახსნეს.

თამარ ზოდელავამ ყურადღება გაამახვილა საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი და უსაფრთხო გამოყენების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ტექნოლოგიები სულ უფრო მეტად ცვლის სახელმწიფო სერვისების მიწოდებისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის პროცესებს. მისი განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია შესაბამისი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა, რაც ტექნოლოგიურ განვითარებას ადამიანის უფლებების დაცვასთან, გამჭვირვალობასა და მოქალაქეზე ორიენტირებულ მიდგომასთან დააბალანსებს.

მინისტრის მოადგილემ, ასევე, ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი ციფრული თანამშრომლობის ცენტრი ამ მიმართულების გაძლიერების მნიშვნელოვანი მექანიზმია.

ღონისძიება საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სამთავრობო დონეზე თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა და მისი მთავარი მიზანია საჯარო მმართველობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და ორმხრივი პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების განხილვა.

ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის საკითხები საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის გამოცდილების გათვალისწინებით, ასევე, საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო სანდო ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც უსაფრთხო და მასშტაბური, ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი სახელმწიფო სერვისების შექმნის საფუძველია. მონაწილეებმა იმსჯელეს საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, მათ შორის, უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულების, შესაბამისი პოლიტიკისა და რეგულირების საკითხებზე; გამოკვეთეს ერთობლივი ინიციატივები.

ფორუმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა და მასში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საჯარო სექტორთან დაკავშირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.