ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი, 2026
გაზიარება

პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველო-თურქეთს შორის იუსტიციის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე. აკინ გურლეკთან შეხვედრა სამართლის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც სტამბოლში მიმდინარეობს.

პაატა სალიამ თურქ კოლეგას იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობა ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა იმ საჯარო და კერძო სერვისების შესახებ, რომელთაც მომხმარებლებს საქართველოში ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 127 იუსტიციის სახლი აწვდის. ყურადღება გამახვილდა ტექნოლოგიური პროგრესის მნიშვნელობაზე და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ადამიანის უფლებების, ეთიკისა და სამართლის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ესწრებოდნენ.

სამართლის საერთაშორისო სამიტი სტამბოლში 8-9 ოქტომბერს იმართება.


სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამართლის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიის იუსტიციის მინისტრ ჯეტონ შასივარს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამართლის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიის იუსტიციის მინისტრ ჯეტონ შასივარს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და მჭიდრო დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს სამართლებრივი სფეროს ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციაზე, პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში დანერგილ ინოვაციურ მექანიზმებზე, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ რეაბილიტაციის პროგრამებსა და ციფრულ განვითარებაზე.

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ სამინისტრო, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფასა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაზე მუშაობს. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია ხელოვნური ინტელექტის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესახებ კონვენციას ერთ-ერთი პირველები შეუერთდნენ.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ესწრებოდნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სამართლის საერთაშორისო სამიტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობს

პაატა სალიამ მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა სამართლის უზენაესობის მნიშვნელობაზე სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესისა და ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უზრუნველყოფს სამართლებრივი სისტემებისა და ინსტიტუციების ეფექტიანობის ზრდას სწრაფად ცვალებად გარემოში და აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მარტო დიალოგი დარგის პროფესიონალებს შორის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

„ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიები, ტრანსნაციონალური კიბერდანაშაული, მიგრაცია, გლობალური ეკონომიკური ინტეგრაცია აჩენს ახალ გამოწვევებს, პასუხისმგებლობის ახალ ფორმებს და საერთაშორისო თანამშრომლობის მზარდ საჭიროებას", - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური პროგრესი მტკიცედ უნდა იყოს დაფუძნებული სამართლის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე.

პაატა სალიამ სამიტის მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციასა და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

სამართლის საერთაშორისო სამიტი ქალაქ სტამბოლში იმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის იუსტიციის მინისტრები, მოსამართლეები, ადვოკატები, საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, პაატა სალია თურქეთის, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის იუსტიციის მინისტრებთან გამართავს შეხვედრებს. ღონისძიებებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.