ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 24 ოქტომბერი, 2023
გაზიარება

იუსტიციის სამინისტრო „პრაღის პროცესის“ ფარგლებში გამართულ საერთაშორისო სემინარს მასპინძლობს

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა „პრაღის პროცესის“ სემინარის გახსნით სიტყვაში მიგრაციის მართვის სფეროში თანამედროვე მიდგომებზე, დიგიტალიზაციასა და „პრაღის პროცესის“ წევრ ქვეყნებს შორის უწყვეტ თანამშრომლობასა და წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიების დამსწრეებს, ასევე, სიტყვით მიმართეს ევროკავშირის, „პრაღის პროცესის“ სამდივნოს და ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა.

თბილისში გამართულ სამდღიან საერთაშორისო სემინარზე „დიგიტალიზაციის პოტენციალი მიგრაციის კონტექსტში“, ძირითადად, მიგრაციის მართვაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების საკითხებს განიხილავენ.

სემინარი თბილისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და „პრაღის პროცესის“ თავმჯდომარის − ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, „პრაღის პროცესის“ სამდივნოს − მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის კოორდინაციითა და ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, „პრაღის პროცესში“ ჩართული ქვეყნების, ასევე, გაერო-სა და ევროპის რეგიონის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„პრაღის პროცესი“ 2009 წელს ჩამოყალიბდა. ეს არის მიგრაციის შესახებ მიზნობრივი დიალოგი და პოლიტიკის პროცესი, რომელიც ხელს უწყობს მონაწილე ქვეყნებს შორის მიგრაციის სფეროში თანამშრომლობას. „პრაღის პროცესის“ საქმიანობა წარიმართება მისი წევრი ქვეყნების მინისტრთა დეკლარაციისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით. 2022 წელს „პრაღის პროცესის“ მე-4 მინისტერიალზე დამტკიცდა 2023-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელების მხარდაჭერას ევროკომისია უწევს

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

თამარ ზოდელავა და სანდრო ცირეკიძე ევროპის საბჭოს ციფრული მმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიო ერნანდეს რამოსს შეხვდნენ

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე ევროპის საბჭოს ციფრული მმართველობის კომიტეტის (CDNET) თავმჯდომარეს, მარიო ერნანდეს რამოსს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია „ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესახებ“ იყო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში პირველი საერთაშორისო სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტია.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ კონვენციის რატიფიცირების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, ხელოვნური ინტელექტის მმართველობის ეროვნული ჩარჩოს განვითარების პერსპექტივები და ევროპის საბჭოს მხარდაჭერის შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს CDNET-ის საქმიანობაში და დაინტერესებულია თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებით, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული გამოყენების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს, რაც საქართველოს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვასა და შესაბამისი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება
ბეჭდვა

2026 წლის საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმმა მუშაობა დაასრულა

ფორუმის შედეგები იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ შეაჯამეს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც თანამედროვე საჯარო მმართველობის საფუძველს ქმნის და მის მომავალს განსაზღვრავს. ესენია: ციფრული ტრანსფორმაცია, ინოვაცია, გამჭვირვალობა, ინკლუზიურობა, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაძლიერება. ამ თემებზე გამოცდილების გაზიარება საჯარო სერვისების მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა პაატა სალიამ.
იუსტიციის მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს ღონისძიების წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საჯარო სერვისების გაერო-ს მაღალი დონის ფორუმის თბილისში ჩატარება იმ რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელთაც საქართველო წლებია, წარმატებით ახორციელებს.

მაღალი დონის ფორუმი სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით განხორციელებული საუკეთესო ინოვაციური პროექტების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.

გამარჯვებულ პროექტები საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ დააჯილდოვეს. ღონისძიებაზე 4 სხვადასხვა ნომინაციაში 12 საუკეთესო ინოვაციური პროექტი გამოვლინდა. ფორუმზე 700 ინოვაციური პროექტი იყო წარდგენილი მსოფლიოს 62 ქვეყნიდან.

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოში პირველად გაიმართა.

3-დღიან ღონისძიებაზე მსოფლიო ლიდერებმა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად თანამედროვე, ინოვაციური საჯარო სერვისების საკითხებზე იმსჯელეს.