ბავშვთა საერთაშორისო დაცვა
ბავშვთა საერთაშორისო გატაცება
„ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციას (შემდგომ – „ჰააგის 1980 წლის კონვენცია“) საქართველო შეუერთდა 1997 წლის 24 ივლისს, ხოლო ძალაში შევიდა 1997 წლის პირველ ოქტომბერს. „ჰააგის 1980 წლის კონვენციის“ მე-7 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის მიზნით ცენტრალურ ორგანოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განისაზღვრა და მის ფუნქციებს ახორციელებს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტი.
ხშირად დასმული კითხვები ბავშვთა საერთაშორისო გატაცების თაობაზე
1. რომელი საერთაშორისო ხელშეკრულებით რეგულირდება ბავშვთა საერთაშორისო გატაცების საკითხები საქართველოში?
ბავშვთა საერთაშორისო გატაცების მარეგულირებელ საერთაშორისო ხელშეკრულებას წარმოადგენს „ჰააგის 1980 წლის კონვენცია“, რომელიც საქართველოსთვის ძალაშია 1997 წლის პირველი ოქტომბრიდან. აღნიშნული კონვენციის ფარგლებში ცენტრალურ ორგანოდ განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. კონვენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
„ჰააგის 1980 წლის კონვენციის“ რეგულირების სფერო მოიცავს არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული 16 წლამდე არასრულწლოვნების ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებას და ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების ხელშეწყობას.
2. ეროვნულ დონეზე არსებობს თუ არა ბავშვთა საერთაშორისო გატაცების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები?
ბავშვთა საერთაშორისო გატაცების შინაარსობრივი და პროცედურული ასპექტები რეგულირდება „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 ნოემბრის №663 დადგენილებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
3. ჰააგის 1980 წლის კონვენციის ფარგლებში ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან თანამშრომლობს საქართველო?
ჰააგის 1980 წლის კონვენციას განსაზღვრული აქვს სახელმწიფოთა თანამშრომლობის სპეციალური რეჟიმი. კონვენციასთან შეერთება არ გულისხმობს ავტომატურად ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას, არამედ კონკრეტული სახელმწიფოს კონვენციასთან შეერთება უნდა აღიაროს ყველა იმ სახელმწიფომ, რომლებიც რატიფიკაციის/ხელმოწერის თუ სამართალმემკვიდრეობის ძალით უფრო ადრე გახდნენ ჰააგის 1980 წლის კონვენციის ხელშემკვრელები.
ჰააგის 1980 წლის კონვენციის ფარგლებში იმ ქვეყნებზე ინფორმაცია, ვისთანაც საქართველო თანამშრომლობს, ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
4. რა როლს ასრულებს ცენტრალური ორგანო?
საქართველოს ცენტრალურო ორგანო არის ნეიტრალური ორგანო, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სავარაუდოდ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული 16 წლამდე არასრულწლოვნების ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების პროცედურების ეფექტიანი განხორციელება, საქმის მართვა, უცხო სახელმწიფოთა ცენტრალურ ორგანოებთან კოორდინაცია და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მხარეებს შორის მორიგების პროცედურების გაადვილება და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესახებ სამართლებრივი კონსულტაციის უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ, ჰააგის 1980 წლის კონვენციის 29-ე მუხლის შესაბამისად, განმცხადებელს შეუძლია, დამოუკიდებლად, საქართველოს ცენტრალური ორგანოსათვის მიმართვის გარეშე, გააგზავნოს განაცხადი უცხო ქვეყნის სასამართლოში/ცენტრალურ ორგანოში სავარაუდოდ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების/ურთიერთობის უფლების განხორციელების მოთხოვნით.
5. რას ნიშნავს ბავშვის გატაცება ჰააგის 1980 წლის კონვენციის მიზნებისთვის?
ჰააგის 1980 წლის კონვენცია ბავშვთა საერთაშორისო გატაცებაში არ მოიაზრებს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს, მაგალითად, როგორიცაა არასრულწლოვნისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა. კერძოდ, ბავშვთა საერთაშორისო გატაცება გულისხმობს მეურვეობის უფლების დარღვევით 16 წლამდე არასრულწლოვნის ჩვეული საცხოვრებელი ადგილიდან არამართლზომიერ გადაადგილებას ან არამართლზომიერ დაკავებას, რაც სამოქალაქოსამართლებრივი ხასიათის ქმედებაა და არ გულისხმობს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს.
6. რას ნიშნავს არამართლზომიერი გადაადგილება ან დაკავება?
არამართლზომიერი გადაადგილება გულისხმობს მეურვეობის უფლების მქონე პირის თანხმობის გარეშე 16 წლამდე არასრულწლოვნის გადაადგილებას ჩვეული საცხოვრებელი ადგილიდან. რაც შეეხება არამართლზომიერ დაკავებას, მოიცავს ისეთ შემთხვევას, როდესაც 16 წლამდე არასრულწლოვნის გადაადგილება ხდება მეურვეობის უფლების მქონე პირის თანხმობით, თანხმობა გაცემულია დროის გარკვეული პერიოდით, ხოლო პირი, ვინც გადააადგილა 16 წლამდე არასრულწლოვანი, მეურვეობის უფლების მქონე პირის მოთხოვნის მიუხედავად, არ აბრუნებს არასრულწლოვანს ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში.
7. ჰააგის 1980 წლის კონვენციის მიზნებისთვის რას ნიშნავს მეურვეობის უფლება და ჩვეული საცხოვრებელი ადგილი?
მეურვეობის უფლების განმარტება დამოკიდებულია იმ სახელმწიფოს კანონმდებლობაზე, რომელიც არის არასრულწლოვნის ჩვეული საცხოვრებელი ადგილი. მეურვეობის უფლება, როგორც წესი, გულისხმობს ბავშვის მოვლას, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესაძლებლობას და ა.შ. შესაძლებელია, რომ მეურვეობის უფლება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე იყოს მინიჭებული პირისთვის. რაც შეეხება ჩვეულ საცხოვრებელ ადგილს, მისი განმსაზღვრელი კონკრეტული კრიტერიუმები არ არის დადგენილი. ეს შეიძლება იყოს ისეთი სახელმწიფო, სადაც არასრულწლოვანი ცხოვრობს, ინტეგრირებულია, ჰყავს ოჯახის წევრები, იღებს განათლებას და ა.შ.
8. ითვალისწინებს ჰააგის 1980 წლის კონვენცია არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლებით სარგებლობას?
დიახ. მეურვეობის უფლების მქონე პირს შეუძლია, განცხადებით მიმართოს უცხო ქვეყნის ცენტრალურ ორგანოს/სასამართლოს და მოითხოვოს არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლების განხორციელება. ურთიერთობის უფლებით სარგებლობის განცხადებას უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური სასამართლო განიხილავს.
9. რა ძირითადი კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს, რომ საქმე დაექვემდებაროს ჰააგის 1980 წლის კონვენციის რეგულირებას?
იმისათვის, რომ საქმე მოექცეს ჰააგის 1980 წლის კონვენციის სამართლებრივ რეჟიმში, სავალდებულოა, დაკმაყოფილდეს მატერიალური და პროცედურული კრიტერიუმები. მატერიალური კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) სახეზეა ჰააგის 1980 წლის კონვენციით განსაზღვრული არამართლზომიერი გადაადგილება/დაკავების ფაქტი;
ბ) არასრულწლოვანს არ შესრულებია 16 წელი;
გ) განმცხადებელი არის მეურვეობის უფლების მქონე პირი, რომელიც აქტიურად ახორციელებდა მეურვეობის უფლებას;
გ) სახელმწიფო, სადაც განმცხადებლის ცნობით უნდა დაბრუნდეს არასრულწლოვანი, წარმოადგენს მის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილს;
დ) არამართლზომიერად გადაადგილებას/დაკავებას ადგილი ჰქონდა მას შემდეგ, რაც ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის ჰააგის 1980 წლის კონვენცია შევიდა ძალაში.
ურთიერთობის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული განაცხადის შემთხვევაში, სავალდებულოა, რომ მეურვეობის უფლების მქონე პირი იყოს განმცხადებელი და ეზღუდებოდეს არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლება.
რაც შეეხება პროცედურულ კრიტერიუმებს, დაკმაყოფილებულად ითვლება, როდესაც წარმოდგენილია ყველა დოკუმენტი, რაც მოთხოვნილია ჰააგის 1980 წლის კონვენციის მე-8 მუხლითა და „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 ნოემბრის №663 დადგენილების მე-11 მუხლით.
10. როგორია სააპლიკაციო ფორმის შევსების წესები?
სააპლიკაციო ფორმის შევსება სავალდებულოა. პირველ ეტაპზე განმცხადებელმა იუსტიციის სამინისტროში უნდა წარმოადგინოს განცხადება, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მას შემდეგ, რაც განცხადება დამუშავდება ცენტრალური ორგანოს წარმომადგენლის მიერ, განმცხადებელს მიეწოდება ინფორმაცია დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ. ამასთან, მოთხოვნის შინაარსის შესაბამისად, განმცხადებელს გადაეგზავნება სააპლიკაციო ფორმა „არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნების შესახებ“/ „ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ“, რომლის შევსება და ცენტრალური ორგანოსთვის გადმოგზავნა აუცილებელია.
11. შესაძლოა თუ არა, რომ ონლაინ გამოიგზავნოს განცხადება/თანდართული დოკუმენტები და სჭირდება თუ არა თარგმანი დოკუმენტებს?
დიახ, შესაძლებელია განცხადების და თანდართული დოკუმენტების ონლაინ გადმოგზავნა, მაგრამ ჰააგის 1980 წლის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში საქმის მასალები უნდა გაიგზავნოს დედნების სახით და ნათარგმნი იმ სახელმწიფოს ენაზე, სადაც განაცხადი იგზავნება. თარგმანთან დაკავშირებულ ხარჯებს თავად განმცხადებელი გასწევს.
12. სავალდებულოა თუ არა, განმცხადებელს ჰყავდეს ადვოკატი ?
არა. საქართველოს ცენტრალური ორგანო განმცხადებელს უწევს სამართლებრივ კონსულტაციას და აგზავნის განაცხადს შესაბამის ხელშემკვრელ სახელმწიფოში. საქმის მართვა და კოორდინაცია დამოკიდებულია საქართველოს ცენტრალურ ორგანოზე და ადვოკატის ჩართულობა ამ ნაწილში არ არის სავალდებულო. თუმცა, განმცხადებლის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია, საქმეში ჩაერთოს ადვოკატი. აღსანიშნავია, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ სასამართლოში განმცხადებლის ინტერესების დაცვისა და სასამართლოს წინაშე წარმომადგენლობისთვის შესაძლოა უფასო იურიდიული დახმარების თხოვნით ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის მიმართვა, ხოლო საქართველოში მიმდინარე საქმის წარმოების ფარგლებში უფასო იურიდიული დახმარების თაობაზე უნდა მიმართოთ იურიდიული დახმარების სამსახურს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცენტრალური ორგანოს მიერ უცხო ქვეყანაში განაცხადის გადაგზავნა უფასოა. განმცხადებელი ვალდებულია, რომ უზრუნველყოს განაცხადზე დართული მასალის შესაბამის ენაზე თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის კომპეტენტური სასამართლო განიხილავს საქმეს, სასამართლო ხარჯების ანაზღაურების საკითხი თითოეული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირდება.
ბავშვთა საერთაშორისო დაცვა
ხშირად დასმული კითხვები მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა საერთაშორისო დაცვის თაობაზე
„მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციას (შემდგომ – „ჰააგის 1996 წლის კონვენცია“) საქართველო შეუერთდა 2014 წლის პირველ აპრილს, ხოლო ძალაში შევიდა 2015 წლის პირველ მარტს. „ჰააგის 1996 წლის კონვენციის“ 29-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის მიზნით ცენტრალურ ორგანოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განისაზღვრა და მის ფუნქციებს ახორციელებს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტი.
1.რომელი საერთაშორისო ხელშეკრულებით რეგულირდება ბავშვთა საერთაშორისო დაცვის საკითხები საქართველოში და ეროვნულ დონეზე თუ არსებობს ბავშვთა საერთაშორისო დაცვის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები?
ბავშვთა საერთაშორისო დაცვის მარეგულირებელ საერთაშორისო ხელშეკრულებას წარმოადგენს „ჰააგის 1996 წლის კონვენცია“, რომელიც საქართველოსთვის ძალაშია 2015 წლის პირველი მარტიდან. აღნიშნული კონვენციის ფარგლებში ცენტრალურ ორგანოდ განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. კონვენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
ბავშვთა საერთაშორისო დაცვის შინაარსობრივი და პროცედურული ასპექტები რეგულირდება „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 ნოემბრის №663 დადგენილებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
2. რა შემთხვევებს მოიცავს ბავშვთა საერთაშორისო დაცვა?
ბავშვთა საერთაშორისო დაცვის საქმე წარმოიშობა იმ შემთხვევაში, როდესაც 18 წლამდე არასრულწლოვანი იმყოფება ხელშემკვრელ უცხო სახელმწიფოში და მის პიროვნებას/ქონებას ემუქრება საფრთხე, საჭიროა არასრულწლოვნის მიმართ დამცავი ღონისძიებების გატარება, არასრულწლოვანი ხელშემკვრელ სახელმწიფოში თავსდება ინსტიტუციურ მზრუნველობაში/დროებით სააღმზრდელო დაწესებულებაში, საჭიროა არასრულწლოვანთან დაკავშირებული საქართველოს კომპეტენტური ორგანოების/სასამართლოს მიერ მიღებული დამცავი ზომის/გადაწყვეტილების ხელშემკვრელ სახელმწიფოში ცნობა-აღსრულება და ა.შ.
ჰააგის 1996 წლის კონვენციის ფარგლებში, იმ ქვეყნებზე ინფორმაცია, ვისთანაც საქართველო თანამშრომლობს, ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
3. რა როლს ასრულებს ცენტრალური ორგანო?
საქართველოს ცენტრალურო ორგანო არის ნეიტრალური ორგანო, რომლის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოების იურისდიქციის ქვეშ მყოფი 18 წლამდე არასრულწლოვნების მიმართ ძალადობის თუ სხვა სახის საფრთხის პრევენციის მიზნით დამცავი ზომების გატარების, არასრულწლოვნების პიროვნების/ქონების დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარების, მედიაციის გამარტივების, იურისდიქციის საქართველოსთვის გადმოცემის და ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური სასამართლოების გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების საკითხებთან დაკავშირებული საქმეების მართვა და კოორდინაცია.
Geo
Eng