ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 11 ნოემბერი, 2021
გაზიარება

​ რატი ბრეგაძე: „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლოში რომ გაუარესებულიყო, ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას?“

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში არგადაყვანის გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.

„დიახ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან პატიმარი სააკაშვილი უარს ამბობს მკურნალობის არსებითი ნაწილის გაგრძელებაზე და შესაძლებელი იყო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, და ეს რომ სასამართლოში მომხდარიყო, ვინ აიღებდა ამაზე პასუხიმგებლობას?“, – განაცხადა მინისტრმა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უწყება მოქმედებს პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე.

რატი ბრეგაძემ არგადაყვანის ერთ-ერთ მიზეზად უსაფრთხოების ფაქტორი დაასახელა. იუსტიციის მინისტრის თქმით, საზოგადოებამ იხილა, თუ როგორ ცდილობდა სასამართლო პროცესისათვის ხელის შეშლას სასამართლოსთან შეკრებილი ხალხი. როგორც მინისტრმა განაცხადა, მსჯავრდებულ სააკაშვილის დასწრებას პროცესზე შესაძლოა, კიდევ უფრო დაეძაბა ვითარება: „ბუნებრივია, ჩვენ მსგავსი ტიპის ქმედებებს ხელს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევუწყობთ“.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

გაერო-ს საჯარო სერვისების 2026 წლის ფორუმის თაობაზე  შეხვედრა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა და გაერო-ს ჟენევის ოფისში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რევაზ ლომინაძემ გაერო-ში აკრედიტებულ დიპლომატებსა და სახელმწიფოების მისიების ხელმძღვანელებს ინფორმაცია მიაწოდეს ფორუმის შესახებ, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის 23-25 ივნისს გაიმართება.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ღონისძიების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ფორუმი ხელს შეუწყობს საჯარო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებას და მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობის განვითარებას.

2026 წლის ფორუმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. მისი მთავარი თემაა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება“. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოთა მაღალი დონისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელები, თემატური ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

საინფორმაციო შეხვედრას გაერო-ს ჟენევის ოფისმა უმასპინძლა.

გაზიარება
ბეჭდვა

ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის 127-ე ფილიალი გაიხსნა

ხელვაჩაურის მოსახლეობას ამიერიდან სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე სერვისის მიღება თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობაში იუსტიციის სახლში დანერგილი მაღალი სტანდარტებით შეეძლება.

იუსტიციის სახლლის 127-ე ფილიალი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ საზეიმოდ გახსნეს.

ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის საკადრო რესურსი სრულად ადგილობრივი მოსახლეობითაა დაკომპლექტებული.

აჭარის რეგიონს ამჟამად იუსტიციის სახლის 9 ფილიალი ემსახურება: ქალაქ ბათუმში უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის 2 ფილიალი, ასევე, იუსტიციის სახლები განთავსებულია ქობულეთში, ჩაქვში, მუხაესტატეში, შუახევში, ქედასა და ხულოში.

აჭარაში ასევე ფუნქციონირებს მობილური იუსტიციის სახლის ინოვაციური პროექტი, რომელიც ამ დროისთვის უკვე მოემსახურა აჭარის რეგიონში მდებარე ათეულობით სოფლის 10 000-ზე მეტ მცხოვრებს.

ინფრასტრუქტურული განვითარებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ფარგლებში, კიდევ 4 იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს მცხეთაში, ახმეტაში, ზოტსა და ჭალაში.

ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნას ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.