ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 27 იანვარი, 2022
გაზიარება

საქართველო სომხეთს მობილური იუსტიციის სახლების, მიწის სისტემური რეგისტრაციის, „PROBBOX“-ის რეფორმებს აცნობს

რატი ბრეგაძემ სომხეთში ვიზიტი დაიწყო. ამ წუთებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომეხ კოლეგას ხვდება. საქართველო მეზობელ ქვეყანას რეფორმების წარმატებულ გამოცდილებას უზიარებს. რატი ბრეგაძე კარენ ანდრესიანს ქართულ ინოვაციებს – მობილური იუსტიციის სახლების, „PROBBOX“-ის, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმებს აცნობს.

დღესვე იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილეები – თამარ ტყეშელაშვილი და ბუბა ლომუაშვილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი მასშტაბურ პრეზენტაციას გამართავენ და უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ სომხურ მხარეს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრებს გეგმავს. დღის წესრიგშია შეხვედრები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანსა და პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან. სომხური მხარე იმედოვნებს, რომ წარმატებული ქართული რეფორმების გამოცდილება მათ იუსტიციის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

ქართული დელეგაციის ვიზიტი 28 იანვარს დასრულდება.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.