უახლესი ვიდეოები
იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ რობერტ სპანოსა და იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს შორის შეხვედრა გაიმართა
იუსტიციის მინისტრმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა საქართველოსა და ევროპული სტრუქტურების თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ევროპული დემოკრატიის განვითარებაში სტრასბურგის სასამართლოს განსაკუთრებულ როლს.
ბატონმა სპანომ მხარი დაუჭირა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, რომლის განხორციელების შედეგადაც ქართველ იურისტებს მიეცემათ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის შესახებ ცოდნის გაღრმავების დამატებითი ქმედითი შესაძლებლობა, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა ამ მიმართულებით სამომავლო პროექტები დაგეგმეს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანამშრომლობის შედეგად განხორციელდება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიმართ მიმდინარე დავების მკვეთრი შემცირების დადებით ტენდენციას. დღეისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ 130-მდე ინდივიდუალური საჩივარი განიხილება, რაც საქართველოსთვის ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს. იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოში ადამიანის უფლებათა რეალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპული მე-5 სექციის სამდივნოს ხელმძღვანელი - ვიქტორ სოლოვეიჩიკი და ევროპული სასამართლოს ქართველი მოსამართლე ლადო ჭანტურია.