სიახლეები

პენიტენციურ დაწესებულებებში მინის მხატვრული დამუშავებისა და ტიხრული მინანქრის საწარმოები მოეწყო
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად №16 და N5 პენიტენციური დაწესებულებებში არსებული მცირე საწარმოები დაათვალიერა, სადაც მსჯავრდებულები ტიხრული მინანქრის ნაკეთობებს ამზადებენ და მინის მხატვრულ დამუშავებას სწავლობენ.
დღეისათვის სწავლება, ჯამში ორმოცმა მსჯავრდებულმა გაიარა. მათ უკვე გადაეცათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი, რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, სასჯელის მოხდის შემდეგ ახალი პროფესიით დასაქმდნენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. თვითდასაქმებული მსჯავრდებულები კი, დამზადებული პროდუქციის რეალიზაციას „რე-მარკეტში“ შეძლებენ.
აღნიშნული სპეციალობების შესწავლის სურვილი მსჯავრდებულებმა თავად გამოთქვეს. საწარმოები კი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით, საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მოეწყო. სწავლების პროცესს პროფესიული კოლეჯი „სახელობო სკოლა“ ახორციელებს.
საქართველოს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით სხვადასხვა სასწავლო კურსები პენიტენციურ დაწესებულებებში მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ მიმართულებით იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ თანამშრომლობს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სხვადასხვა კოლეჯთან.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი და პროფესიულ კოლეჯ „სახელობო სკოლის“ დირექტორი რეზო შარაბიძე.
Geo
Eng