ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 08 ოქტომბერი, 2024
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

12-წლიანი მოლაპარაკებების შედეგად, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენცია 2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის.

აღნიშნული კონვენცია ორივე ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, რომ სამართლებრივი გზებით შეძლონ ბავშვთა საერთაშორისო გატაცების საქმეების მოგვარება. კონვენციის ფარგლებში საქართველოს ცენტრალურ ორგანოდ იუსტიციის სამინისტროა განსაზღვრული, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის - სახელმწიფო დეპარტამენტის ბავშვთა საკითხების სამსახური.

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის იმპლემენტაციის მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ასევე, მოინახულეს თბილისის იუსტიციის სახლი და ადგილზე გაეცნენ სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოდელს, მათ შორის დაბადების რეგისტრაციის, სამგზავრო დოკუმენტების მომზადების, ქონების რეგისტრაციისა და სხვა მომსახურებებს.

საქართველოს მხრიდან 2-4 ოქტომბერს ჩატარებულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“, სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“, მედიატორთა ასოციაციისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.