ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 05 ნოემბერი, 2021
გაზიარება

რატი ბრეგაძე: “ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონი შედგება ფაფებისა და ნატურალური წვენებისგან, რაც შეადგენს საკვებ რაციონს და არ აქვს სამედიცინო დანიშნულება”

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ, ექიმებისგან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და სასიცოცხლო პარამეტრები არის ნორმაში. იუსტიციის მინისტრმა ეთერში ისაუბრა იმის შესახებ, რომ სააკაშვილის კვებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა სადეპუტატო შეკითხვა, რაზედაც უწყება ვალდებული იყო, გაეცა ინფორმაცია.

რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონი შედგება ფაფებისა და ნატურალური წვენებისგან, რაც შეადგენს საკვებ რაციონს და არ აქვს სამედიცინო დანიშნულება.

„ჩვენ მოგვმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა სადეპუტატო კითხვით, რომელზეც ვალდებული ვიყავით, გაგვეცა პასუხი. აქ იყო რამდენიმე კითხვა და, მათ შორის, ერთი შეკითხვა შეეხებოდა, დიახ, საკვებ პროდუქტებსაც. აქვე გეტყვით ჩვენს პასუხს და – პირველად ვამბობ ამას ეთერში, იმიტომ, რომ ამის შესახებ ჩვენ უკვე ვუპასუხეთ პარლამენტს და ეს ინფორმაცია უკვე ისედაც საჯარო გახდება – დიახ, მან თავიდან, შემოსვლისას, როდესაც მიიღო საბანკო ბარათი, და ეს ძალიან სწრაფად მოხდა, სულ რაღაც 2 დღეში, თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდეგ უკვე, როგორც იცით, მან განაცხადა უარი ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე. გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო გარკვეული ფაფები, სხვადასხვა სახის, და ნატურალური წვენები. ასევე, ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რაც გამოუწერეს ექიმებმა. ეს არის სხვადასხვა სახის ფაფები და ნატურალური წვენები. ეს არის საკვები და არა სამედიცინო დანიშნულების ფაფები, რომელსაც იღებს პატიმარი “, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ამაგრებს მტკიცებულებები და ფაქტები. მისი თქმით, ეს ინფორმაცია უკვე გამოითხოვა პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრო ვალდებული იყო, გაეცა იგი. იუსტიციის მინისტრმა არ გააკეთა კომენტარი იმის შესახებ, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს გაკეთებული კუჭის ოპერაცია.

„რაც შეეხება რაიმე სახის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება ეხებოდეს ოპერაციას, ბუნებრივია, ეს არის მისი პერსონალური ინფორმაცია და ამ საკითხზე მე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრმა, ასევე, ისაუბრა იმის შესახებ, რომ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. მინისტრის თქმით, აქ აღარ არის საუბარი მიხეილ სააკაშვილზე, რადგან ციხეში სხვა პატიმრებიც არიან და მათაც ჰყავთ ახლობლები და ოჯახის წევრები, რომლებიც განიცდიან თითოეულ ინფორმაციას, რაც ვრცელდება პენიტენციურ დაწესებულებაზე.

„აქვე კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ხალხი უნდა შეეშვას ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ არაერთი ტყუილის მომსწრენი გავხდით, როგორ ავრცელებს ეს ხალხი ცრუ ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებებთან მიმართებით და ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. აქ საუბარი აღარ არის უკვე პატიმარ სააკაშვილზე, არამედ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ამ დაწესებულებაში არიან სხვა პატიმრებიც და მათაც ჰყავთ ოჯახის წევრები და სხვა ახლობლები, რომლებიც განიცდიან ამ ცრუ ინფორმაციას“, – განაცხადა რატი გრეგაძემ. იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და არა ადვოკატებმა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ ტრადიციულ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს.

ეროვნულ არქივში წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების მიერ შექმნილი ნამუშევრები. გამოფენა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მოადგილეებთან ერთად გახსნა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.

გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების საჭიროებებს მოხმარდება.

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე დამთვალიერებლებს 2-4 აპრილს, 11:00-დან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.

გაზიარება
ბეჭდვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე - „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე - „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა და დაადგინა, რომ სახელმწიფომ სწორად დაიცვა ბალანსი ორ ფიზიკურ პირს შორის არსებული სამართლებრივი დავის მიმდინარეობისას.

საჩივარი ეხებოდა ფიზიკურ პირებს შორის მიმდინარე დავას, რომელიც სოციალურ მედიაში 2016 წელს გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდებოდა (თავად პოსტი 2011 წელს მომხდარ სავარაუდო ფაქტს ეხებოდა).

სასამართლომ საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.

ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ეს იყო კერძო პირებს შორის არსებული დავა, რომელიც სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას არ მოითხოვდა. სასამართლოს მითითებით, ეროვნულმა უწყებებმა მომჩივანს მკაფიოდ განუმარტეს, რომ საკითხი სამოქალაქო წესით უნდა განხილულიყო, თუმცა მას ამ გზისთვის არ მიუმართავს.

სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ განსახილველ საქმეში სისხლისსამართლებრივი მექანიზმების არარელევანტურობის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებმა 2016 წელს საქმესთან დაკავშირებული მოქმედებები დაუყოვნებლივ ჩაატარეს და საქმის წარმოებისას რაიმე ხარვეზი არ გამოვლენილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.