ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 21 თებერვალი, 2023
გაზიარება

ხაშურსა და ზესტაფონში იუსტიციის სახლების მშენებლობა გრძელდება

იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მოქალაქეთათვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა. ამ მიზნით იუსტიციის სახლის მშენებლობა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში – ხაშურში, ზესტაფონსა და სამტრედიაში მიმდინარეობს. ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები ხაშურსა და ზესტაფონში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილესთან, ერეკლე ღვინიანიძესთან, ერთად დაათვალიერა.

იუსტიციის სახლის 470-მდე სერვისით სარგებლობას ხაშურისა და ზესტაფონის მოსახლეობა უკვე მიმდინარე წელს შეძლებს და ყველა სახის სახელმწიფო მომსახურებას ერთ სივრცესა და კომფორტულ გარემოში მიიღებს.

მომსახურების დარბაზის გარდა, ახალ ფილიალებში თანამედროვე ინტერიერის საქორწინო-სარიტუალო სივრცე მოეწყობა. შენობებში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც განთავსდება, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ ინფრასტრუქტურაში ფუნქციონირებენ.

ხაშურის ფილიალი შიდა ქართლის რეგიონში მეცხრე იუსტიციის სახლი იქნება, ზესტაფონის იუსტიციის სახლი კი, იმერეთში რიგით 23-ეა.

დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 117 იუსტიციის სახლი მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით სხვადასხვა საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის 470- ზე მეტ სერვისს სთავაზობს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა“ 5 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა“ 5 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროცესში ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა 2020 წლიდან დღემდე განხორციელებული პროექტები გააცნო.

ღონისძიებაზე ცენტრის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. ცენტრის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადება-გადამზადების ხელშეწყობა, მათთვის პროფესიული კურსებისა და დასაქმების პროგრამების შეთავაზება და განხორციელება.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, პირველ მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან და მოადგილესთან, თამარ ზოდელავასთან ერთად, კამბოჯის ტელეკომუნიკაციების მინისტრ ჩეა ვანდეტს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, პირველ მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან და მოადგილესთან, თამარ ზოდელავასთან ერთად, კამბოჯის ტელეკომუნიკაციების მინისტრ ჩეა ვანდეტს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსთვის ციფრული ტრანსფორმაცია სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ციფრული მმართველობის სააგენტოს საქმიანობაზე, რომელიც სამინისტროს სისტემაში ახორციელებს ციფრული მმართველობის, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას, ასევე, უზრუნველყოფს IT სისტემების განვითარებასა და მხარდაჭერას.

საუბარი შეეხო უძრავი ქონების რეგისტრაციის სისტემაში დანერგილ ტექნოლოგიურ ინოვაციებს, მათ შორის, გონიერი კონტრაქტის გამოყენების პრაქტიკასა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ინტეგრაციას, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად უსაფრთხოდ განახორციელონ ქონებრივი ტრანზაქციები.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს სახელმწიფო სერვისებში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრის დასასრულს პაატა სალიამ კამბოჯის ტელეკომუნიკაციების მინისტრი თბილისში დაგეგმილ გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც 23-25 ივნისს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება.