ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 06 მარტი, 2023
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი პენიტენციური კოდექსი პირველი მოსმენით  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში განიხილეს

პენიტენციურ კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები საკომიტეტო მოსმენაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა. საკანონმდებლო ინიციატივა სასჯელაღსრულების სამართლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის კოდიფიკაციას ისახავს მიზნად.

პენიტენციური კოდექსი გააუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას, მათ შორის:

  • ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება;
  • ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო;
  • გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება;
  • გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები;
  • პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს;
  • გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე;
  • მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს.

საკანონმდებლო რეფორმის პირველ ეტაპზე სამინისტრომ განახორციელა ამჟამად მოქმედი პატიმრობის კოდექსისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის კრიტიკული ანალიზი. გადაისინჯა როგორც კოდექსის სტრუქტურა, ისე მისი შინაარსობრივი მხარე.

ახალი პენიტენციური კოდექსი იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი ჯგუფისა (საქართველოს პარლამენტი, რელევანტური სამინისტროები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს პროკურატურა, სახალხო დამცველის აპარატი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური) და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატშიც აქტიური მსჯელობის საგანი იყო.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.