ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 18 დეკემბერი, 2023
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული პენიტენციური კოდექსი პარლამენტმა მიიღო

ახალი პენიტენციური კოდექსი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას – აწესებს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს. კერძოდ:

ბრალდებულს ენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება; მას, აგრეთვე, ექნება შესაძლებლობა სხვადასხვა სახის მხარდამჭერ პროგრამებში ჩართვის;

განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ენიჭება ვიდეოპაემნის უფლება;

მსჯავრდებულს ენიჭება პაემნის გარე სამყაროსთან ურთიერთობის სხვა ფორმით ჩანაცვლების შესაძლებლობა (ხანმოკლე პაემანი – ვიდეოპაემანი, ხანგრძლივი პაემანი – ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი, საოჯახო პაემანი – ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი);

ყველა სახის პაემანი ხდება სრულიად უფასო;

ამჟამად დადგენილი სატელეფონო საუბრების მაქსიმალური რაოდენობა და ხანგრძლივობა მინიმალურ რაოდენობად/ხანგრძლივობად გარდაიქმნება. მინისტრი უფლებამოსილი იქნება, გაზარდოს სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა;

განსაკუთრებული გარემოების არსებობისას (ოჯახის წევრის დაბადების დღე, შვილის დაბადება და სხვ.) ბრალდებულს და მსჯავრდებულს შესაძლებელია, მიენიჭოთ დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება;

პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ენიჭებათ ერთმანეთთან სატელეფონო საუბრის უფლება. დასაშვები იქნება მათ შორის მიმოწერაც;

ყველა მსჯავრდებულს ეძლევა უმაღლესი განათლების მიღების უფლება;

თანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები;

გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესაძლებელი იქნება ქალი მსჯავრდებულის განთავსებაც. ამ გზით მათზე გავრცელდება ის უფლებები, რომლებიც აქვს ამ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს;

პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს ენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს ათანაბრებს და აუმჯობესებს;

მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს, ხოლო საამისო წინაპირობების არსებობისას – აგრეთვე სახელმწიფო კომპენსაციას.

ახალი პენიტენციური კოდექსი ითვალისწინებს როგორც წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT), ისე საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.

ცვლილებები პარლამენტს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა წარუდგინა და ის საკანონმდებლო ორგანომ 82 ხმით მიიღო.

პენიტენციურ კოდექსთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა გამომდინარე 21 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტიც მიიღო.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიგრაციის საერთაშორისო ფორუმს მიგრაციის მართვის ქართული მოდელი გააცნო

გიორგი დგებუაძე სიტყვით პლენარული შეხვედრის ფარგლებში ორგანიზებულ დებატებზე გამოვიდა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა კოორდინირებული მიდგომების მნიშვნელობას, აგრეთვე, მიგრაციის მართვისას გლობალური პრინციპებისა და ეროვნული კონტექსტის კომპლექსურ გათვალისწინებას გამოწვევებზე რეაგირების პროცესში. გიორგი დგებუაძემ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს მიგრაციის მართვის სტრატეგიის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომლებიც ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის გაძლიერებას, თავშესაფრის სისტემების რეფორმირებას, სასაზღვრო ტექნოლოგიების გაციფრულებას, მიგრანტთათვის რეინტეგრაციის პროგრამებისა და სერვისების გაფართოებას.

მიგრაციის საერთაშორისო ფორუმის მიზანია ქვეყნების დახმარება გლობალურ დონეზე მიგრაციის მართვის გაუმჯობესებაში, არსებულ გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებასა და მიგრაციასთან დაკავშირებული გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელებაში.

საქართველოს დელეგაციას ღონისძიებაზე გიორგი დგებუაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები, აგრეთვე, სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირები.

ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელსაც შეხვდა.

გაზიარება
ბეჭდვა

მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში ხელსაქმისა და კერვის მასტერკლასები ჩატარდება

N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ლანა მორგოშიამ და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს, სტუმრებთან ერთად უმასპინძლეს.

პირველი ლედი გაეცნო მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით შექმნილ მრავალფეროვან სივრცეებს. მოინახულა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული განახლებული სამკერვალო სივრცე, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი. სამკერვალოში დასაქმებულ მსჯავრდებულებს მიეწოდათ შესაბამისი მასალები და ქსოვილები, რომელთა გამოყენებით ქალ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სადღესასწაულო სამოსი. პირველი ლედის ინიციატივით, #5 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიგეგმა კერვის, ხელსაქმის და სხვა მასტერკლასები. აღნიშნული ქსოვილებით მსჯავრდებული ქალები ჯგუფი კახაბერი და ხანუმების სასცენო სამოსს შეკერავენ.

სტუმრობის დასასრულს, მსჯავრდებულებისა და ჯგუფი „კახაბერი და ხანუმების" კონცერტიც გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საქართველოს პირველი ლედი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.