ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 06 აგვისტო, 2022
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია თელავში წარადგინა

თბილისის, ქუთაისის, ბორჯომის, რუსთავისა და ბათუმის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა უწყების მუშაობის ანგარიში თელავის მოსახლეობას წარუდგინა. მინისტრმა პირადად მიაწოდა ინფორმაცია თელაველებს ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმებისა და შესრულებული დაპირებების შესახებ.

ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების გაძლიერება, სამართლებრივი უსაფრთხოება და ეფექტიანი სერვისები − ამ სამი პრინციპის გარშემო ერთიანდება ყველა ის სიახლე, რაც იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქეებს შესთავაზა; კერძოდ:

დაინერგა და 7 რეგიონში წარმატებით მუშაობს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“; საქართველოს 6 დიდ ქალაქში განთავსდა პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა „PROBBOX“; ამოქმედდა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა – საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს მიწების აზომვა და რეგისტრაცია;

გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები – გაიხსნა 5 ახალი იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი; მშენებლობები მიმდინარეობს კიდევ 6 მუნიციპალიტეტში; დამატებით ერთი იუსტიციის სახლი ამოქმედდება თბილისში, ჰუალინგში; სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გაიხსნა ახალციხეში;

დაფუძნდა და გამოიცა ორენოვანი ჟურნალი „იუსტიცია“; იუსტიციის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომი გახდა უმსხვილესი ელექტრონული სამართლებრივი ბაზა „ჰეინონლაინი“ („HeinOnline“); ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროებთან;

სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა კიდევ 12 ადმინისტრაციულ ერთეულში; სულ მალე კი, მოქალაქეებს ონლაინ სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ;

პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში გაძლიერდა პატიმართა დასაქმების პროგრამები; გრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული აქტივობების წახალისება;

პრობაციის ბიუროები გაიხსნა სიღნაღში, თერჯოლაში, ქუთაისსა და ზესტაფონში; რეფერირების ცენტრი გაიხსნა ქუთაისში; გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები მუნიციპალიტეტებთან შრომამისჯილი პირების დასაქმებისათვის.

ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, თელავის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მოქმედი სსიპ-ების თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საქართველოში ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მურზალინ მალიკს, იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საქართველოში ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მურზალინ მალიკს, იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებს, სახელმწიფო სერვისების მიწოდების პოლიტიკას, პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმას, ასევე ციფრული მმართველობისა და ინოვაციების ინტეგრაციას სამინისტროს საქმიანობაში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ყაზახეთის დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2026 წლის 23-25 ივნისს, თბილისში გაიმართება.

ყაზახეთის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ბლოკჩეინ ეკოსისტემის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა Hedera-სთან თანამშრომლობით საჯარო სექტორში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ბლოკჩეინ ეკოსისტემის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა Hedera-სთან თანამშრომლობით საჯარო სექტორში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასა და პლატფორმის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების ბლოკჩეინ ქსელზე გადატანის შესაძლებლობები, რაც საკუთრების უფლების კიდევ უფრო მეტ დაცულობას, პროცესების გამჭვირვალობასა და სანდოობას უზრუნველყოფს.

კომპანიის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სასაგენტოს მიერ დანერგილი სერვისის, “გონიერი კონტრაქტის” და მისი განვითარების პერსპექტივების შესახებ. ამ კუთხით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად განიხილება უძრავი ქონების ტოკენიზაცია, რაც რეალური აქტივების ელექტრონულ ერთეულებად გარდაქმნას გულისხმობს.

საჯარო სექტორში უახლესი ტექნოლოგიების ინტეგრაციის მიზნით, მომდევნო ეტაპზე გათვალისწინებულია სამუშაო ჯგუფების შექმნა იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ექსპერტების მონაწილეობით, რაც ტექნოლოგიურ კომპანიასთან თანამშრომლობას აქტიურ ფაზაში გადაიყვანს.