ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 11 ნოემბერი, 2022
გაზიარება

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე პირველი ეროვნული სიმულაციური ტრენინგი განხორციელდა

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე პირველი ეროვნული სიმულაციური ტრენინგის დახურვის ღონისძიება გაიმართა.

ტრენინგი სახელწოდებით - ,,ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: უწყებათაშორისი თანამშრომლობის მდგრადობა ეროვნული სიმულაციური ტრენინგის განხორციელების გზით“ საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთო) და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ეროვნული სიმულაციური ტრენინგი მიზნად ისახავდა ტრეფიკინგის დანაშაულზე მომუშავე 40-მდე გამომძიებლის, პროკურორის, შრომის ინსპექტორის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის და მსხვერპლებთან მომუშავე პერსონალის პრაქტიკული უნარ-ჩვევებების ამაღლებას უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის გზით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს დანაშაულის დროულ გამოვლენას, დამნაშავეთა დასჯას და მსხვერპლთა საზოგადოებაში ეფექტიან ინტეგრაციას.

საქართველო არის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, სადაც ეროვნულ დონეზე სიმულაციური ტრენინგი გაიმართა. აღნიშნული კი მიუთითებს ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას.

აღსანიშნავია, რომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია მსოფლიოს მასშტაბით. ამას მოწმობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო, 2022 წლის ანგარიში, რომლის თანახმადაც საქართველო, არაერთი ევროპული ქვეყნის გვერდით ინარჩუნებს ადგილს შეფასების უმაღლეს საფეხურზე, ე.წ. პირველ კალათაში. ხაზგასასმელია ისიც, რომ გასული წლების მსგავსად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის მხოლოდ საქართველო მოხვდა რეიტინგული სკალის უმაღლეს საფეხურზე.

ეროვნული სიმულაციური ტრენინგი განხორციელდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდებ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობით.

ეროვნული სიმულაციური ტრენინგი 7 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სექტემბრის სხდომაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა.

საქართველოს ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით, კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას:

  • შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან;
  • შეწყვიტოს ე.წ. ბორდერიზაცია, უზრუნველყოს მოსახლეობის თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება, საკუთრებაზე წვდომა და ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში;
  • შექმნას დევნილებისთვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები და აღკვეთოს მკვლელობების, გატაცებების, წამების, უკანონო დაკავებებისა და სხვა მძიმე დარღვევების პრაქტიკა.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში უკვე მიაღწია ისტორიულ გამარჯვებებს - მათ შორის, ე.წ. დეპორტირებულების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და „განგრძობადი ოკუპაციის“ საქმეებზე.

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა. ლაშა მაღრაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში;

აქვს 20-წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიც არის: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება; სააღსრულებო სისტემა; სასამართლო სისტემა; სამოსამართლო სწავლება; ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა პირველი მოადგილის თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.