თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 48-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად იქმნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია, რომელიც მორიგი საერთო არჩევნების შემთხვევაში იქმნება არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა, ხოლო საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებისას ან ხელახალი არჩევნებისას − არჩევნების დანიშვნიდან 3 დღის ვადაში.
უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის წესი − კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. უწყებათაშორისი კომისია იკრიბება კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ − კვირაში ერთხელ მაინც.
უწყებათაშორისი კომისია იხილავს საკითხებს, რომელიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე დარღვევის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უწყებათაშორის კომისიას აწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები), ან დამკვირვებელი ორგანიზაციები.