ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 25 ნოემბერი, 2022
გაზიარება

იუსტიციის მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

რატი ბრეგაძემ და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ევროპული პერსპექტივა განიხილეს. იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მისწრაფება ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, რასაც მოჰყვება ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია.

რატი ბრეგაძემ პაველ ჰერჩინსკისთან ევროინტეგრაციის პროცესში წარმატებული თანამშრომლობის და ამ პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტზე მონაწილეობის შედეგები შეაჯამა

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო როგორც ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების, ისე ახალი პარტნიორების შესაძენად. გარდა ამისა, სამიტის სესიებში მონაწილეობა, სადაც სახელმწიფოები სხვადასხვა სფეროში საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ, განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო შუა დერეფნის ქვეყნებისთვის.


„მსოფლიოს მთავრობათა სამიტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ხდება ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, საუბარი საერთაშორისო გამოწვევებსა და იმ საერთო ინტერესებზე, რომლებიც შესაძლოა, ამა თუ იმ ქვეყანას ჰქონდეს. გარდა ამისა, ეს არის მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ხდება ურთიერთობის გაღრმავება არსებულ პარტნიორებთან და ახალი პარტნიორების შეძენა. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ არაერთ სესიაში, რომლებიც ეძღვნებოდა გლობალურ სამხრეთს, ეძღვნებოდა შუა კორიდორის ქვეყნების ინტერესებს; ასევე, საუბარი იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა სესიაში, სადაც განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო მმართველობაში. ჩვენ დამსწრე საზოგადოებას გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, მოვისმინეთ საინტერესო იდეები ისეთი მოწინავე ქვეყნებისგან, როგორიცაა სამხრეთ კორეის რესპუბლიკა“, – განაცხადა პაატა სალიამ.


მსოფლიო მთავრობათა სამიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-5 თებერვალს იმართება. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე ხელოვნური ინტელექტის საჯარო მმართველობაში გამოყენების შესახებ ისაუბრა

მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საჯარო მმართველობასა და საკანონმდებლო რეფორმებში ტექნოლოგიების როლზე ისაუბრა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თანამედროვე სამყაროში სამართალი, პოლიტიკა და ტექნოლოგიური ინოვაციები უნდა ფუნქციონირებდეს როგორც ერთიანი სისტემა და არა ერთმანეთისგან განცალკევებული სფეროები.

მინისტრმა ხაზი გაუსვა კანონშემოქმედებითი პროცესების გამჭვირვალობას და ციფრული ინსტრუმენტების როლს ამ პროცესში.

პაატა სალიამ, ასევე, ისაუბრა საჯარო მმართველობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა და მის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ, ასევე, აქტიურად ვიყენებთ ტექნოლოგიურ სიახლეებს საერთაშორისო სასამართლო დავებსა და არბიტრაჟში... ეკონომიკური ეფექტიანობის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს საქართველოს საჯარო რეესტრის სერვისები, რომლებიც გონიერი კონტრაქტის საფუძველზეა შექმნილი და უზრუნველყოფს უძრავი ქონების ტრანზაქციების სრულ დისტანციურ განხორციელებას გადახდიდან საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე უსაფრთხო ციფრული იდენტიფიკაციის გამოყენებით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტორებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე ინვესტორებისთვის.

მსოფლიო მთავრობათა სამიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-5 თებერვალს იმართება. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.