ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 04 მაისი, 2023
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა ბუნდესტაგის დელეგაციასთან ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილა

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ევროპის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე. ქართულმა მხარემ გერმანელ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით არსებულ პროგრესზე. რატი ბრეგაძემ ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო სრულად გაუწევს კოორდინაციას ამ პროცესს. შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი უკვე განიხილავს და უახლოეს პერიოდში ამოქმედდება სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ელექტრონული პლატფორმა.

აღინიშნა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.

დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრიდან მიღებული შთაბეჭდილებები იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციებს, ძალიან პოზიტიურია და ქვეყანაში ამ მიზნით მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასეს.

ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს გერმანიის ურყევი მხარდაჭერა ექნება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გერმანიასთან მჭიდრო სექტორული თანამშრომლობა აკავშირებს, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 2022 წლის სექტემბერში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გერმანიაში ვიზიტის შემდგომ. კერძოდ:

  • გაფორმდა 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის;
  • გაძლიერდა პარტნიორული ურთიერთობები პენიტენციურ სფეროში პროფესიული გადამზადების კურსების დახვეწის მიმართულებით;
  • სანოტარო სფეროში დაიწყო გამოცდილების გაზიარების ინტენსიური პროცესი და გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი;
  • დაფუძნდა ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი და პირველად ის მიმდინარე წლის 5-6 ივლისს გაიმართება თბილისში.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა.

პაატა სალიამ რამაზ თათარაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

რამაზ თათარაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 28-წლიანი გამოცდილება აქვს, ძირითადად, მენეჯერულ პოზიციებზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე იგი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

რამაზ თათარაშვილი პოლიციის პოლკოვნიკია.

გაზიარება
ბეჭდვა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლის რიგით 128-ე ფილიალი გაიხსნა. ჭალის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 600-ზე მეტი სერვისის მიღება თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობაში იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით შეეძლება.

იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, პარლამენტის წევრმა პაატა კვიჟინაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ საზეიმოდ გახსნეს.

ჭალის იუსტიციის სახლი სრულად ადგილობრივი საკადრო რესურსით დაკომპლექტდა. სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურა მოწყობილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით და შესაბამისი სტანდარტების დაცვით.

იმერეთის რეგიონში ამჟამად იუსტიციის სახლის 28 ფილიალი ფუნქციონირებს და ყოველწლიურად საშუალოდ 600 000-ზე მეტ მომხმარებელს აწვდის სერვისს; მაღალმთიანი და მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი, იმერეთში სამი „მობილური იუსტიციის სახლი“ ოპერირებს და რეგიონის 74 სოფლის 10 000-მდე მცხოვრებს ემსახურება.

მიმდინარე წელს იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი აჭარაში, ხელვაჩაურშიც გაიხსნა, კიდევ ერთი ფილიალი კი, წლის ბოლომდე ქალაქ მცხეთას შეემატება. იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურული განვითარების ფარგლებში მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს წალენჯიხაში.
იუსტიციის სახლის ფილიალები და „მობილური იუსტიციის სახლები“ ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად 6 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურებიან, იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრი კი, 1 მილიონზე მეტ მომხმარებელს უწევს კონსულტაციას.

ჭალის იუსტიციის სახლის გახსნას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.