ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 24 თებერვალი, 2023
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აჭარის რეგიონის ოფისების თანამშრომლებთან უწყებაში მიმდინარე პროექტები, მიღწეული შედეგები და გამოწვევები განიხილა

ბათუმის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას, იუსტიციის მინისტრთან ერთად, ესწრებოდა მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე. საუბარი, ძირითადად, სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდისათვის დაგეგმილ აქტივობებს შეეხო.

თანამშრომელთა მხრიდან აღინიშნა, რომ წინა შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები გათვალისწინებულია, გამოწვევები კი, გადაჭრილი. განახლებულია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გათანაბრებულია თანამშრომლების ხელფასები.

,,უწყვეტი დიალოგი იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულებთან, პრობლემებზე გულწრფელი საუბარი და მათ გადაჭრაზე ერთობლივი ზრუნვა არის ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატების მთავარი გასაღები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

შეხვედრას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, უცენზურო და დამამცირებელი განცხადებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება.

საქმე ეხებოდა 2022 წელს სოციალურ პლატფორმა „TikTok“-ზე გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც მომჩივანმა, სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი მილაძემ, თბილისის მერის, მერიის თანამშრომლებისა და პოლიციის მისამართით უხამსი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა. აღნიშნულისთვის ეროვნულმა სასამართლოებმა მას კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის – 500 ლარის ჯარიმა დააკისრეს.

ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მომჩივნის განცხადებები არ წარმოადგენდა პოლიტიკურ კრიტიკას ან საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე აზრის გამოხატვას. სასამართლოს შეფასებით, გამოყენებული ენა მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეების დამცირებასა და შეურაცხყოფას.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე გაიზიარა ეროვნული სასამართლოების დასაბუთება და აღნიშნა, რომ მათ სწორად გაავლეს ზღვარი მწვავე პოლიტიკურ კრიტიკასა და პირადი ხასიათის შეურაცხყოფას შორის. გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ მომჩივნის მიმართ გამოყენებული ღონისძიება იყო მინიმალური და პროპორციული – მას მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმა დაეკისრა.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა მნიშვნელოვანი პრინციპი: გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა და იცავს მწვავე კრიტიკასაც, თუმცა იგი არ მოიცავს სხვების, მათ შორის, თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა დამამცირებელ და პირად შეურაცხყოფას.

გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, დაიცვას პოლიტიკური თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები დაუსაბუთებელი სიტყვიერი თავდასხმებისა და შეურაცხყოფისგან, რათა მათ საკუთარი მოვალეობები ღირსების შემლახველი ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში შეასრულონ.

სტრასბურგის სასამართლოს შეფასება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ მნიშვნელობას, თუმცა, ამავდროულად, ცხადად ადგენს, რომ მისი განხორციელება, განსაკუთრებით ინტერნეტსივრცესა და სოციალურ ქსელებში, არ უნდა გადაიზარდოს სხვათა ღირსებისა და უფლებების შემლახველ შეურაცხყოფაში.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსებს 30 წლის იუბილე მიულოცა

საზეიმო ღონისძიება, რომელზეც ნოტარიუსთა პალატამ 30-წლიანი საქმიანობა შეაჯამა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა.

იუბილეზე ისაუბრეს ქართული ნოტარიატის ინსტიტუციური ფორმირების იმ ეტაპებზე, რომლითაც განისაზღვრა ნოტარიუსის სამართლებრივი სტატუსი, უფლებამოსილებები და პროფესიული პასუხისმგებლობა; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო გეგმებსა და ხედვებს, ასევე ნოტარიუსის როლს ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ქართველ ნოტარიუსებს იუბილე მიულოცეს, ასევე, გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის საპატიო ნოტარიუსმა რიხარდ ბოკმა და უზბეკეთის ნოტარიუსთა პალატის პრეზიდენტმა დილშოდ აშუროვმა.

ღონისძიების ბოლოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს ღვაწლმოსილი და 30-წლიანი სტაჟის მქონე ნოტარიუსები, აგრეთვე - ნოტარიუსთა პალატის ხანგრძლივი სტაჟის მქონე თანამშრომლები.

ნოტარიუსთა პალატის იუბილეს ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, სამინისტროს თანამშრომლები, ნოტარიუსები, ასევე გერმანიის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და უზბეკეთის ნოტარიუსთა პალატების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.