ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 01 მარტი, 2022
გაზიარება

რატი ბრეგაძე: „მინდა, ვკითხო ხალხს, ვინც არეულობის უკან დგას, მზად არიან, ჩახედონ 2008 წელს დაღუპული ბიჭების მშობლებს თვალებში?“

„მინდა, ვკითხო ხალხს, ვინც არეულობის უკან დგას, მზად არიან, ჩახედონ 2008 წელს დაღუპული ბიჭების მშობლებს თვალებში? ან მათ, ვინც შეიძლება დაიღუპოს საქართველოში სამხედრო შეტაკებისას ან ომიანობის შემთხვევაში? ერთხელ მაინც მოუნახულებიათ ქართველი ჯარისკაცების საფლავები ან ქართული ჯარისთვის რამე გაუკეთებიათ?“ – ასეთი კითხვით მიმართა ოპოზიციის ნაწილს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის თქმით, ბოლო პერიოდში დეზინფორმაციული კამპანია ხორციელდება, რომლის მიზანია, საქართველო მოექცეს საომარი ვითარების ეპიცენტრში. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ამ მიზნისთვის ოპოზიციის ნაწილი საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბრობს და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს, „მიზანი კი არის, რომ ქვეყანაში დაიწყოს არეულობა... ჩვენ ვიხილოთ ისევ მტრის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე“.

რატი ბრეგაძემ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს პერიოდი ქართულ ჯარში უპრეცედენტო აღმავლობის პერიოდი იყო.

„ამ პერიოდში ქართულ ჯარში იყო უპრეცედენტო აღმავლობა. ყველამ იცის, როგორი ზრუნვა იყო ქართულ ჯარზე, დაწყებული ფორმებიდან, კვებით, შეიარაღებით, გადაიარაღებით დასრულებული, და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა ქართულ ჯარში ის ეპოქა, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები გადაადგილდებოდნენ საბჭოთა „კრაზებით“ და ძველი საბჭოთა მანქანებით. ასეთი მაღალი დონის თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან არასდროს ყოფილა; მთელი ქმედებები მიმართული იყო იქით, რომ რაც შეიძლება ამაღლებულიყო მოტივაცია ქართულ ჯარში და ჯარში სამსახური გამხდარიყო რაც შეიძლება პრესტიჟული და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს იმის შესახებ, რას ემსახურება ქართული ჯარი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძემ ქართულ ჯარში მსახურების შესახებ ოპოზიციის დამოკიდებულებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო „დემორალიზაციის უბადრუკი და წარუმატებელი მცდელობა“.

„დღეს ეს ხალხი, ვინც ქართველ ახალგაზრდებს მაქსიმალურად ხელს უშლიდა იმაში, რომ ქართველ ახალგაზრდებს მიეღოთ ელემენტარული სამხედრო განათლება... მოუწოდებდნენ, რომ ჯარში არ წასულიყვნენ და „გირჩის“ მამაოდ სთავაზობდნენ გახდომას; ეს ხალხი დღეს საუბრობს ტერიტორიების დაცვაზე და მოგვიწოდებს, რადიკალური ნაბიჯები გადავდგათ, რომ ესკალაცია მოხდეს“, – აღნიშნა მან.

რატი ბრეგაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, „დღეს, ძალიან მაღალი ალბათობით, საომარ ვითარებაში ვიქნებოდით და განმეორდებოდა ის ტრაგედია, რაც იყო 2008 წელს“, რადგან ეს ძალა მზადაა, ყველა სიტუაცია თავისი მერკანტილური ინტერესებისთვის გამოიყენოს. „დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს მოსახლეობას გაიყვანს მშვიდობიან ფონზე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.


სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სექტემბრის სხდომაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა.

საქართველოს ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით, კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას:

  • შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან;
  • შეწყვიტოს ე.წ. ბორდერიზაცია, უზრუნველყოს მოსახლეობის თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება, საკუთრებაზე წვდომა და ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში;
  • შექმნას დევნილებისთვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები და აღკვეთოს მკვლელობების, გატაცებების, წამების, უკანონო დაკავებებისა და სხვა მძიმე დარღვევების პრაქტიკა.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში უკვე მიაღწია ისტორიულ გამარჯვებებს - მათ შორის, ე.წ. დეპორტირებულების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და „განგრძობადი ოკუპაციის“ საქმეებზე.

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა. ლაშა მაღრაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში;

აქვს 20-წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიც არის: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება; სააღსრულებო სისტემა; სასამართლო სისტემა; სამოსამართლო სწავლება; ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა პირველი მოადგილის თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.