ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 12 ივნისი, 2024
გაზიარება

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრების ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა

ქალაქ ვილნიუსში საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში წევრად მიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა წარადგინა.

„ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში ქვეყნის გაწევრება სანოტარო სფეროში გატარებული რეფორმების შედეგია და საქართველოს მორიგ საერთაშორისო აღიარებას წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის საუკეთესო სანოტარო პრაქტიკის გაზიარებას. ამასთან, საბჭოში გაწევრების შედეგად საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს მუშაობაში“, – აღნიშნა თამარ ტყეშელაშვილმა.

ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიღების ცერემონიალი ვილნიუსში ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიეტუვის იუსტიციის მინისტრი ეველინა დობროვოლსკა, ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს პრეზიდენტი მარიუს სტრაკაიტისი და ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი ლიონელ გალიესი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვაში სალომე შაფაქიძე. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ, ასევე, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილი, მოადგილე მარიკა გოგოლაძე, გამგეობის წევრები ეთერ გზირიშვილი და რომან კოსტანიანი, ნოტარიუსთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თეონა წინწალაშვილი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს თბილისის იუსტიციის სახლში უმასპინძლა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს თბილისის იუსტიციის სახლში უმასპინძლა.

ვიეტნამის სამთავრობო დელეგაცია სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ ინოვაციურ მოდელს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში გაეცნო. სტუმრებს იმ უნივერსალუური კონცეფციის დეტალები გააცნეს, რომელიც მოქალაქეთა სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას ერთი ფანჯრის პრინციპით, უზრუნველყოფს.

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჟვანიამ ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტსა და სამთავრობო დელეგაციის წევრებს მომსახურების სივრცე დაათვალიერებინეს და ის ტექნოლოგიური სიახლეები წარუდგინეს, რომლებსაც იუსტიციის სახლი ყოველდღიურ საქმიანობაში ნერგავს.

იუსტიციის სახლის სტუმრებმა იმ 600-მდე სერვისის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 127 ფილიალშია ხელმისაწვდომი. ყურადღება დაეთმო „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტს, რომელიც სახელმწიფო სერვისებს მაღალმთიან დასახლებებსა და რაიონული ცენტრებისგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს ადგილზე აწვდის.

ვო თჰი ან სუანმა აღნიშნა, რომ ვიეტნამის რესპუბლიკა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს იწყებს, რაშიც საქართველოს გამოცდილების გაზიარება სახელმწიფო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ამასთან, საუბარი შეეხო შემდგომი კონსულტაციების მიზნით თანამშრომლობის ჯგუფების ჩამოყალიბებასაც.

ვიეტნამის სამთავრობო დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოში მაღალი დონის პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებს იუსტიციის დღე მიულოცა და ყოველდღიური შრომის, პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სისტემის თანამშრომელთა მნიშვნელოვან როლს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და მოქალაქეებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაში. მან აღნიშნა, რომ სისტემის მთავარი ღირებულება სწორედ მისი თანამშრომლები არიან, რომელთა ცოდნა, გამოცდილება და ერთობლივი ძალისხმევა უწყების წარმატების საფუძველია.

ღონისძიების ფარგლებში პაატა სალიამ იუსტიციის სისტემაში მრავალწლიანი, ნაყოფიერი საქმიანობისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა.

იუსტიციის დღე 11 ოქტომბერს აღინიშნება. თარიღი 1918 წელს იუსტიციის სამინისტროსთან პირველი სტრუქტურული ერთეულის - საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსებას უკავშირდება.