ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
გაზიარება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) რეგიონულ დირექტორ არტურ ერკენს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე და სამომავლო ხედვები გაუზიარა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიგრაციის მართვა საქართველოსთვის არა მხოლოდ შიდა პოლიტიკის ნაწილია, არამედ ასევე წარმოადგენს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მიმართულებას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბალანსის აუცილებლობას ადამიანის უფლებების დაცვასა და სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებს შორის მიგრაციის მართვისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი რუსუდან კოხოძე და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს უფროსი თემურ გოგინოვი; აგრეთვე IOM-ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ლარს იოჰან ლონბაკი და პროგრამის განვითარებისა და მხარდაჭერის ოფიცერი გენცი პიეტრი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ერევანში სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი დასრულდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ღონისძიება უნიკალური შესაძლებლობაა იუსტიციის სფეროს აქტუალური საკითხების განხილვის, გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და უკვე ჩამოყალიბებული მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

„ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა ეფუძნება ნდობას, ეფექტიან კოორდინაციასა და საერთო მიზნებისადმი ერთგულებას, რაც ერთობლივი ინიციატივების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. წლევანდელმა ფორუმმა კიდევ უფრო განამტკიცა უწყებებს შორის პროფესიული და ინსტიტუციური კავშირები. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი თემატური შედეგები და გამოკვეთილი სამომავლო პრიორიტეტები უზრუნველყოფს მომავალში მათ პრაქტიკული შედეგებით განმტკიცებას“, – განაცხადა პაატა სალიამ.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოსა და სომხეთის როლზე რეგიონში დემოკრატიული და სამართლებრივი ღირებულებებისა და სტანდარტების განმტკიცების პროცესში.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ. წლევანდელი, რიგით მე-7 ფორუმის თემატურ სესიებზე იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და მართლმსაჯულების სფეროში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებაზე იმსჯელეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები – ლანა მორგოშია, თამარ ზოდელავა და ლაშა მაღრაძე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე, აგრეთვე, ორი ქვეყნის გენერალური პროკურატურების, ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები და ადამიანის უფლებებსა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე მომუშავე სპეციალისტები.

ფორუმის ფარგლებში პაატა სალიამ შეხვედრები გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ეროვნული კრების თავმჯდომარე რუბენ რუბინიანსა და იუსტიციის მინისტრ სრბუჰი გალიანთან.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

პაატა სალიასა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ერევანი მასპინძლობს. საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის მისწრაფებას ევროპული ღირებულებების, სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის გაძლიერებისაკენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სომხეთისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით, რადგან მეზობელი სახელმწიფო ახლა სწორედ ამ პროგრამის განხორციელების ეტაპზეა. ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: სამართლის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა, საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები: ლანა მორგოშია, თამარ ზოდელავა და ლაშა მაღრაძე, აგრეთვე, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე.