ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 29 მაისი , 2024
გაზიარება

მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

პრემიერმა ხაზი გაუსვა უწყების მნიშვნელოვან როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში და მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ საუბრისას ყურადღება დაუთმო საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით მიღწეულ პროგრესს, ასევე - ქვეყანაში დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებს, სამომავლო გეგმებსა და ახალი სამთავრობო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებს.

მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ასევე ესაუბრა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე და ხაზი გაუსვა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების მნიშვნელობას, რაც ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე ჯანსაღ დისკუსიას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

ანალოგიური შეხვედრები საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკვე გამართა საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების თანამშრომლებთან.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტრო პენიტენციურ სისტემაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს

მსჯავრდებულთა და თანამშრომელთა უფლებების მაქსიმალური რეალიზაციის მიზნით იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ქსანში №10 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალაშენებული ინფრასტრუქტურა გახსნა.

დაწესებულებაში მოეწყო იუსტიციის სახლი, ადვოკატებთან შეხვედრის ოთახები, აშენდა საამანათო, ხანგრძლივი და მოკლევადიანი პაემნების, საშვების და ვიდეოპაემნის სივრცეები.

დაწესებულებაში გახსნილი იუსტიციის სახლის სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებით როგორც პატიმრები, ისე თანამშრომლები შეუზღუდავად ისარგებლებენ. ეს რიგით მე-6 იუსტიციის სახლია, რომელიც პენიტენციურ სისტემაში გაიხსნა. აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა და მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს შეეძლებათ, ისარგებლონ სრულიად ახალი და კომფორტული ინფრასტრუქტურით, რომელიც ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებისთვის მოეწყო. სივრცეები აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით და ინვენტარით. მსჯავრდებულებს პაემნის სივრცეებით უფასოდ სარგებლობის საშუალებას 2024 წელს ამოქმედებული პენიტენციური კოდექსი აძლევს.

№10 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი ინვენტარით და ტექნიკით აღიჭურვა საამანათო სივრცეც, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს დაწესებულებაში აკრძალული ნივთების მოხვედრის შესაძლებლობას.

საშვების სივრცეში დამონტაჟდა ახალი სკანერი, რომლითაც დაწესებულებაში შემსვლელ პირთა შემოწმება ხორციელდება. ასევე, მოეწყო ცალკე ოთახი დაწესებულებაში მისული ვიზიტორების ფიზიკური შემოწმებისთვის.

ახალი ინფრასტრუქტურის გახსნის ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე ესწრებოდნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტის შედეგები შეაჯამა

პროექტის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები კანონშემოქმედებით პროცესში ნორმატიული აქტების დასაბუთების სტანდარტის შესახებ. პროექტის ავტორებმა შეისწავლეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკა კანონპროექტების განმარტებითი ბარათის დასაბუთების ფორმების და მექანიზმების შესახებ და წარმოადგინეს კვლევა.

პროექტის მიზანია საქართველოში საკანონმდებლო პროცესის კიდევ მეტად სრულყოფა და განმარტებითი ბარათის სტანდარტის დაახლოება ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკასთან. რეკომენდაციებზე იმუშავეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ვასილ გონაშვილმა და პროფესორმა ნანა ჭიღლაძემ.

საგრანტო პროექტის შედეგების პრეზენტაციას კვლევის ავტორებთან ერთად სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და აკადემიური წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საგრანტო კონკურსს იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს. მისი მიზანი ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაა. წელს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 17 პროექტს აფინანსებს. საგრანტო პროგრამების მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა.