სიახლეები

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
რატი ბრეგაძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და კეთილმეზობლურ პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მიმდინარე წლის 25 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტით ერევანში და მანამდე – მიმდინარე წლის 26 იანვარს საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციით.
რეგიონში პროფესიული და სამართლებრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მხარეებმა და განიხილეს სამართლის უზენაესობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და რეფორმების შედეგები.
რატი ბრეგაძემ ნიკოლ ფაშინიანთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირთან დიალოგის ფართო გამოცდილება დააგროვა სხვადასხვა სფეროში და კომპეტენციის ფარგლებში მზადაა, ეს გამოცდილება სომხეთსაც გაუზიაროს.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე.
სხვა სიახლეები
იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იწყება იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებული მრავალწლიანი პრობლემის მოგვარება.
საკითხის შესწავლისა და მისი სამართლებრივად მოწესრიგებისთვის იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, შესაბამისი მუნიციპალიტეტები და სხვა სახელმწიფო უწყებები. სამუშაო ჯგუფმა საკითხის კომპლექსურობისა და სირთულის გათვალისწინებით შეისწავლა არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ტერიტორიის თავისებურებები და განსაზღვრა პრობლემის მოგვარების სამართლებრივი გზები და პროცედურები.
სარეგისტრაციო პროცესი იწყება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში ჰქონდათ სირთულეები იაღლუჯის მთის მასივზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
სარეგისტრაციო პროცესში შესაბამისი უწყებები საჭიროებისამებრ ჩაერთვებიან თითოეული საკითხის შესწავლის მიზნით, შეაფასებენ მოქალაქეების ხელთ არსებულ დოკუმენტებსა და სამართლებრივ საფუძვლებს. აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
მოქალაქეებს, რომლებსაც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო რეესტრის ციფრულ პლატფორმაზე (Slr.napr.gov.ge) წარდგენილი ჰქონდათ განცხადება მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნით, ამ ეტაპზე ხელახლა განცხადების წარდგენა ან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება არ სჭირდებათ. სააგენტო უკვე ფლობს მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებს და პროცესის ფარგლებში განიხილავს. კერძოდ, საჯარო რეესტრი თავად მოიძიებს ყველა საჭირო დოკუმენტს, რაც რეგისტრაციისათვის არის კანონით სავალდებულო.
დაინტერესებული პირები იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ უახლოეს მომავალში მიიღებენ შეტყობინებას რეგისტრაციის პროცესის დაწყებისა და დამატებით დოკუმენტაციის შესახებ, რომელთა წარდგენაც შესაძლოა, გახდეს აუცილებელი იუსტიციის სახლებსა და საჯარო რეესტრის ფილიალებში.
მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების დასადგენად დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე, შეუძლიათ, მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სპორადული რეგისტრაციის მოთხოვნით. თითოეული განცხადება ინდივიდუალურად, კანონმდებლობის შესაბამისად განიხილება.
Geo
Eng