ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024
გაზიარება

გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე 2024

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“.

პროექტი ხორციელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს, თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას/დახვეწას, სტუდენტთა დაახლოებასა და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

შეჯიბრის ვადები:

  • 2024 წლის 18 ოქტომბერი - 3 ნოემბერი - პროექტში მონაწილეობის მსურველ გუნდთა რეგისტრაცია;
  • 2024 წლის 23 ოქტომბერი, 19:00 სთ - პროექტის ონლაინ პრეზენტაცია;
  • 2024 წლის 4 ნოემბერი - მოსამზადებელი მასალისა და საქმის გაგზავნა დარეგისტრირებული გუნდებისათვის;
  • 2024 წლის 4-10 ნოემბერი - დრო გუნდების მიერ საქმესთან დაკავშირებული დამაზუსტებელი კითხვების წარმოდგენისთვის;
  • 2024 წლის 4-27 ნოემბერი - დრო დაცვისა და ბრალდების წერილობითი პოზიციების მომზადებისთვის;
  • 2024 წლის 7-13 ნოემბერი - ტრენინგები დარეგისტრირებული გუნდებისთვის;
  • 2024 წლის 27 ნოემბერი - 23:59 სთ - გუნდების მიერ დაცვისა და ბრალდების წერილობითი პოზიციების წარმოდგენა;
  • 2024 წლის 2 დეკემბერი - ზეპირ რაუნდში მონაწილე გუნდების გამოცხადება;
  • 2024 წლის 2-15 დეკემბერი - დრო ზეპირ რაუნდში მონაწილე გუნდების მომზადებისთვის;
  • 2024 წლის 16-18 დეკემბერი - იმიტირებული პროცესის ზეპირი რაუნდები.

შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარ გუნდს. შესაძლებელია, ერთი უნივერსიტეტიდან რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა.

გუნდის წევრი მხოლოდ ის პირი შეიძლება იყოს, რომელსაც შეჯიბრის მომენტისათვის აქვს სტუდენტის სტატუსი და იმყოფება ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურზე. ასევე, გუნდის წევრს პროექტის ზეპირ რაუნდში არ უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული.

თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 სტუდენტისაგან.

იმიტირებული სასამართლო პროცესის ეტაპები:

იმიტირებული სასამართლო პროცესი შედგება ორი ეტაპისაგან − წერილობითი და ზეპირი რაუნდები.

თითოეული რეგისტრირებული გუნდი წარმოადგენს როგორც დაცვის, ისე ბრალდების პოზიციებს წერილობით და ზეპირ რაუნდებში.

წერილობით რაუნდში გამოვლენილი საუკეთესო 8 გუნდი მონაწილეობას ზეპირ რაუნდში მიიღებს.

შეჯიბრის ენა:

იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდება ქართულ ენაზე. ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლები ჩატარდება ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

შედეგები, რომელსაც მიიღებენ პროექტის მონაწილეები:

ფინალში გადასულ გუნდის წევრებს გადაეცემათ პრიზები;

ზეპირი რაუნდის ყველა მონაწილეს გადაეცემა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

გუნდის რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი სარეგისტრაციო ბმული

პროექტის ონლაინ პრეზენტანციაზე დასასწრებად გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი სარეგისტრაციო ბმული

შეჯიბრის წესები

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

შოთა ჭითანავა (+995) 577 41 93 99; shchitanava@justice.gov.ge

მარიამ ჭილაშვილი (+995) 511 33 16 77; mchilashvili@tcj.gov.ge

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

თამარ ზოდელავა და სანდრო ცირეკიძე ევროპის საბჭოს ციფრული მმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიო ერნანდეს რამოსს შეხვდნენ

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე ევროპის საბჭოს ციფრული მმართველობის კომიტეტის (CDNET) თავმჯდომარეს, მარიო ერნანდეს რამოსს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია „ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესახებ“ იყო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში პირველი საერთაშორისო სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტია.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ კონვენციის რატიფიცირების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, ხელოვნური ინტელექტის მმართველობის ეროვნული ჩარჩოს განვითარების პერსპექტივები და ევროპის საბჭოს მხარდაჭერის შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს CDNET-ის საქმიანობაში და დაინტერესებულია თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებით, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული გამოყენების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს, რაც საქართველოს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვასა და შესაბამისი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება
ბეჭდვა

2026 წლის საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმმა მუშაობა დაასრულა

ფორუმის შედეგები იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ შეაჯამეს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც თანამედროვე საჯარო მმართველობის საფუძველს ქმნის და მის მომავალს განსაზღვრავს. ესენია: ციფრული ტრანსფორმაცია, ინოვაცია, გამჭვირვალობა, ინკლუზიურობა, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაძლიერება. ამ თემებზე გამოცდილების გაზიარება საჯარო სერვისების მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა პაატა სალიამ.
იუსტიციის მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს ღონისძიების წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საჯარო სერვისების გაერო-ს მაღალი დონის ფორუმის თბილისში ჩატარება იმ რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელთაც საქართველო წლებია, წარმატებით ახორციელებს.

მაღალი დონის ფორუმი სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით განხორციელებული საუკეთესო ინოვაციური პროექტების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.

გამარჯვებულ პროექტები საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ დააჯილდოვეს. ღონისძიებაზე 4 სხვადასხვა ნომინაციაში 12 საუკეთესო ინოვაციური პროექტი გამოვლინდა. ფორუმზე 700 ინოვაციური პროექტი იყო წარდგენილი მსოფლიოს 62 ქვეყნიდან.

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოში პირველად გაიმართა.

3-დღიან ღონისძიებაზე მსოფლიო ლიდერებმა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად თანამედროვე, ინოვაციური საჯარო სერვისების საკითხებზე იმსჯელეს.