ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025
გაზიარება

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ვეკუა საქართველოს წინააღმდეგ“ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები ევროპულ კონვენციასთან შესაბამისად მიიჩნია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ვეკუა საქართველოს წინააღმდეგ“, რომლის ფარგლებშიც მომჩივნის პრეტენზიების ნაწილი დაუშვებლად გამოაცხადა, ხოლო ნაწილის განხილვის შედეგად დარღვევა არ დადგინდა.

მომჩივანი დაობდა, რომ 2017-2022 წლებში მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების შედეგად, დაერღვა საკუთრების უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია.

სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი პოზიცია შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად და დაასკვნა, რომ მომჩივნის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს, სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი ამ ნაწილში დაუშვებლად გამოაცხადა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა პროცესები წარმართეს ევროპული კონვენციის სტანდარტების სრული დაცვით.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეებთან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, თავდაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეებთან, სხვადასხვა სამინისტროს დეპარტამენტებისა და მათ სისტემაში შემავალი სსიპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილეს სახელმწიფო სერვისების განვითარების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები, რომლებშიც გაწერილია სერვისების შემდგომი განვითარების გრძელვადიანი ხედვა.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა, მინისტრის მოადგილეებმა გიორგი დგებუაძემ, ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ გახსნეს.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების შემდგომ ეტაპზე სხვადასხვა უწყების ჩართულობის საკითხი.

სტრატეგიის პრიორიტეტი მომხმარებელზე ორიენტირებული, მაღალტექნოლოგიური სერვისების დანერგვის მიზნით ღონისძიებების კიდევ უფრო აქტიურად დაგეგმვა-განხორციელებაა, რაც მოქალაქეებისთვის საჯარო უწყებების მომსახურებას მეტად მარტივს, სწრაფსა და ხელმისაწვდომს გახდის.


სტრატეგიის განხორციელების კოორდინაციისა და მონიტორინგის პროცესს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უხელმძღვანელებს.

დოკუმენტი იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შემუშავდა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება, მათ შორის, იმ გამოცდილებასა და რეკომენდაციებს, რომლებიც 2026 წლის ივნისში თბილისში გამართული გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის ფარგლებში იქნა გაზიარებული.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ მრავალწლიანი, კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

პაატა სალიამ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სააგენტოს როლზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების, პრობაციის სისტემის განვითარებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში წარმატებული რეინტეგრაციის პროცესში. მისი თქმით, სააგენტოს საქმიანობა მნიშვნელოვანი კომპონენტია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და თანამედროვე, ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების მიმართულებით.

სტუმრებს სიტყვით მიმართა, ასევე, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა. მან სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ისაუბრა პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების, მიმდინარე რეფორმებისა და ამ პროცესში თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ღონისძიების დასასრულს განსაკუთრებული დამსახურებისა და კეთილსინდისიერი პროფესიული საქმიანობისთვის სააგენტოს წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ჯილდოები მათ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა გადასცეს.

პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, სააგენტოს თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.