ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 01 მარტი, 2022
გაზიარება

რატი ბრეგაძე: „ეს ხალხი ეწევა პოლიტიკურ მოროდიორობას და საკუთარი ვიწრო ადგილობრივი პოლიტიკური ინტერესებისთვის ცდილობს ქვეყანაში არეულობის გამოწვევას“

იუსტიციის მინისტრი რუსთაველის გამზირზე მყოფი ახალგაზრდების პარლამენტში შესვლის შესახებ გაჟღერებულ მოწოდებებსა და პოლიციელების მიმართ მუქარას გამოეხმაურა. რატი ბრეგაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოწოდებები საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვას და ქვეყანაში არეულობის გამოწვევას ემსახურება.


„ეს ხალხი დღეს ცდილობს, საქართველოს და უკრაინას შორის დაძაბოს ურთიერთობები, მაშინ, როდესაც საქართველო თავიდან ბოლომდე ცდილობს, ყველა შესაძლო რესურსის ფარგლებში აღმოუჩინოს სრული მხარდაჭერა. ეს ხალხი ეწევა პოლიტიკურ მოროდიორობას და ცდილობს, საკუთარი ვიწრო ადგილობრივი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს ეს ვითარება, გამოიწვიოს ქვეყანაში არეულობა და მოიპოვოს ამით ხელისუფლება. მათთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა გზით მოიპოვებენ ხელისუფლებას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.


რატი ბრეგაძის განცხადებით, კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული არეულობის ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება.


„ვის აწყობს დღეს არეულობა საქართველოში? რა თქმა უნდა, ეს არ არის საქართველოს კეთილმოსურნე და, შესაბამისად, ნებისმიერი არეულობის მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, ბუნებრივია, არ იქნება დაშვებული არავითარ შემთხვევაში და საქართველოს ხელისუფლებას აქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ იმოქმედოს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არ დაუშვას საქართველოში ხელმეორედ ომი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ინტერესი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ პრეზენტაცია გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას კულტურის სამინისტროს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დაესწრო. მან მინდია უგრეხელიძე სამინისტროს სისტემის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „იუსტიციის მედლით“ დააჯილდოვა.

მინდია უგრეხელიძე სისხლის სამართლის ქართული მეცნიერული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა“ და „სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის“ წევრი.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილ ორტომეულში თავმოყრილი მასალები ადასტურებს, რომ საქართველოში სამართლებრივი და კონსტიტუციური აზროვნება ისტორიულად დასავლურ ტრადიციებთან იყო დაკავშირებული და ინტერესი ამ იდეის მიმართ საუკუნეზე მეტი ხნის წინ არსებობდა. გამოცემა წარმოადგენს არა მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობის წყაროს, არამედ სამეცნიერო ნაშრომს თანამედროვე ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიის შესახებ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიგრაციის საერთაშორისო ფორუმს მიგრაციის მართვის ქართული მოდელი გააცნო

გიორგი დგებუაძე სიტყვით პლენარული შეხვედრის ფარგლებში ორგანიზებულ დებატებზე გამოვიდა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა კოორდინირებული მიდგომების მნიშვნელობას, აგრეთვე, მიგრაციის მართვისას გლობალური პრინციპებისა და ეროვნული კონტექსტის კომპლექსურ გათვალისწინებას გამოწვევებზე რეაგირების პროცესში. გიორგი დგებუაძემ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს მიგრაციის მართვის სტრატეგიის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომლებიც ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის გაძლიერებას, თავშესაფრის სისტემების რეფორმირებას, სასაზღვრო ტექნოლოგიების გაციფრულებას, მიგრანტთათვის რეინტეგრაციის პროგრამებისა და სერვისების გაფართოებას.

მიგრაციის საერთაშორისო ფორუმის მიზანია ქვეყნების დახმარება გლობალურ დონეზე მიგრაციის მართვის გაუმჯობესებაში, არსებულ გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებასა და მიგრაციასთან დაკავშირებული გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელებაში.

საქართველოს დელეგაციას ღონისძიებაზე გიორგი დგებუაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები, აგრეთვე, სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირები.

ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელსაც შეხვდა.