ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 22 ოქტომბერი, 2024
გაზიარება

შროშაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება. იუსტიციის სახლის 122-ე ფილიალი, რომელიც მოსახლეობას 500-მდე მომსახურებას თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე, ლაშა ლობჯანიძესთან, ერთად გახსნა.

შროშის იუსტიციის სახლი აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და თანამედროვე ინვენტარით; სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს.

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, რასაც ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლები უზრუნველყოფს; 2028 წლისთვის მათი რიცხვი 133-ს მიაღწევს. რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 90 სოფელში ემსახურება ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“.

უშუალოდ იმერეთის რეგიონში 25 იუსტიციის სახლია, სულ მალე იგეგმება თერჯოლის ფილიალის გახსნაც, მობილური იუსტიციის სახლი კი, რეგიონის 15 სოფელს ფარავს.

იუსტიციის სახლი ქუთაისის N6 პენიტენციურ დაწესებულებაშიც ფუნქციონირებს. ფილიალების მუშაობა ციხის ტერიტორიაზე ქართული ინოვაციაა და მას ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვს.

შროშის იუსტიციის სახლის გახსნას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსებს 30 წლის იუბილე მიულოცა

საზეიმო ღონისძიება, რომელზეც ნოტარიუსთა პალატამ 30-წლიანი საქმიანობა შეაჯამა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა.

იუბილეზე ისაუბრეს ქართული ნოტარიატის ინსტიტუციური ფორმირების იმ ეტაპებზე, რომლითაც განისაზღვრა ნოტარიუსის სამართლებრივი სტატუსი, უფლებამოსილებები და პროფესიული პასუხისმგებლობა; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო გეგმებსა და ხედვებს, ასევე ნოტარიუსის როლს ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ქართველ ნოტარიუსებს იუბილე მიულოცეს, ასევე, გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის საპატიო ნოტარიუსმა რიხარდ ბოკმა და უზბეკეთის ნოტარიუსთა პალატის პრეზიდენტმა დილშოდ აშუროვმა.

ღონისძიების ბოლოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს ღვაწლმოსილი და 30-წლიანი სტაჟის მქონე ნოტარიუსები, აგრეთვე - ნოტარიუსთა პალატის ხანგრძლივი სტაჟის მქონე თანამშრომლები.

ნოტარიუსთა პალატის იუბილეს ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, სამინისტროს თანამშრომლები, ნოტარიუსები, ასევე გერმანიის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და უზბეკეთის ნოტარიუსთა პალატების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ პრეზენტაცია გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას კულტურის სამინისტროს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დაესწრო. მან მინდია უგრეხელიძე სამინისტროს სისტემის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „იუსტიციის მედლით“ დააჯილდოვა.

მინდია უგრეხელიძე სისხლის სამართლის ქართული მეცნიერული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა“ და „სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის“ წევრი.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილ ორტომეულში თავმოყრილი მასალები ადასტურებს, რომ საქართველოში სამართლებრივი და კონსტიტუციური აზროვნება ისტორიულად დასავლურ ტრადიციებთან იყო დაკავშირებული და ინტერესი ამ იდეის მიმართ საუკუნეზე მეტი ხნის წინ არსებობდა. გამოცემა წარმოადგენს არა მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობის წყაროს, არამედ სამეცნიერო ნაშრომს თანამედროვე ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიის შესახებ.