ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 08 სექტემბერი, 2022
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გერმანიის პრობაციის ბიუროს ეწვია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრობაციის ბიუროს ეწვია. მინისტრის თქმით, საქართველო-გერმანიის წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, განსაკუთრებით, ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდგომ. პრობაციის ბიუროში გამართულ შეხვედრებში, ასევე, მონაწილეობდნენ მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები ბუბა ლომუაშვილი და ბექა ძამაშვილი. მინისტრის განცხადებით, მისთვის პრიორიტეტულია პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების შემდგომი განვითარება საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს უწყების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელთაც დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს; კერძოდ, პრობაციონერთა კონტროლისა და სერვისების უზრუნველყოფის ინოვაციური მოწყობილობა „PROBBOX“-ის დანერგვაზე, რომლის საშუალებით პრობაციონერთა კონტროლი და მომსახურება პრობაციის ბიუროში გამოცხადების გარეშე გახდა შესაძლებელი. მოწყობილობის მეშვეობით უზრუნველყოფილია პრობაციონერთა მეტი ანონიმურობა და გაზრდილია მათი კონტროლისა და მომსახურების გეოგრაფიული არეალი. „PROBBOX“-ის თაობაზე იუსტიციის სამინისტრო აქტიურად უზიარებს გამოცდილებას პარტნიორ ქვეყნებს.

რატი ბრეგაძემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან რეფორმებზე, როგორიცაა: ალტერნატიული სასჯელების მოქმედებისა და შინაპატიმრობის აღსრულების ეფექტიანობის გაზრდა; შრომამისჯილი პირების აქტიური ჩართულობის მხარდაჭერა ქვეყნის მასშტაბით ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ხოლო სასჯელის მოხდის შემდგომ მათი დასაქმების ხელშეწყობა/უზრუნველყოფა; მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მხარდაჭერა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.