სიახლეები

კორეის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ციფრული მმართველობის ცენტრს ესტუმრა
კორეის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ციფრული მმართველობის ცენტრს ესტუმრა. ქართული დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ კორეის გამოცდილებას ციფრული მმართველობის, ელექტრონული სახელმწიფო სერვისებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.
კორეის რესპუბლიკა ციფრული მმართველობის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სახელმწიფო სერვისებს მოქალაქეებისთვის უფრო სწრაფს, მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის.
„ძალიან შთამბეჭდავი იყო გამოცდილება, რომელიც კორეელმა პარტნიორებმა გაგვიზიარეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლობა კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული. უახლოეს მომავალში საქართველოში გაიხსნება ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც ქართველ და კორეელ სპეციალისტებს შესაძლებლობას მისცემს, ერთობლივად შეიმუშაონ და განახორციელონ ახალი მიდგომები და ინოვაციური პროექტები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის უკვე გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოში ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.
ცენტრი ორი ქვეყნის პრაქტიკული თანამშრომლობის პლატფორმა გახდება. ერთობლივი მუშაობის ძირითად მიმართულებებს შორისაა ვირტუალური ასისტენტის განვითარება, ციფრული იდენტობა, ხელოვნური ინტელექტის სახელმწიფო სერვისებში ინტეგრაცია და სხვა თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებები.
„კორეელ კოლეგებთან შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, რომლებშიც თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ შორისაა ვირტუალური ასისტენტი, ციფრული იდენტობა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სახელმწიფო სერვისებში. ამ ტექნოლოგიების დანერგვა საშუალებას მოგვცემს, მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო სწრაფად, მარტივად და ეფექტიანად მივაწოდოთ“, – განაცხადა ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძემ.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასთან ერთად, არიან იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.
სხვა სიახლეები
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლეს
საქართველოს ვიზიტით ეწვია იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაცია, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის ჰიდეტო კავასაკის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ იაპონიის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია სერვისების ხელმისაწვდომობისა და გაციფრულების მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან სიახლეებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე ორიენტირებული 127 იუსტიციის სახლი, ხოლო გეოგრაფიული ბარიერის დასაძლევად 90 სოფელს 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება; სერვისები ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ იუსტიციის სახლებში; 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შესაძლებელია ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე MY.GOV.GE; მოქმედებს „გონიერი კონტრაქტი“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, კერძო საკუთრების რეგისტრაციის დისტანციური საშუალებაა.
ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში განხორციელებულ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე, რომელმაც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ქართული მოდელი მსოფლიო მასშტაბით სამაგალითოა და „საჯარო რეესტრს აქვს მაღალი პოტენციალი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს“. რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მოქალაქეთათვის საამზომველო სამუშაოები და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფასოდ განხორციელა.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.
Geo
Eng