ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 14 ივლისი, 2023
გაზიარება

იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი

2023 წლის 5 ივლისს ადვოკატმა წარმოადგინა მომართვა მსჯავრდებულ სააკაშვილთან კლინიკა „ვივა-მედში“ პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით. 12 ივლისს მათ მიერ დასახელებულ ექიმებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ მოენახულებინათ მსჯავრდებული;

ადვოკატის წერილში მითითებული იყო, რომ მოცემული ინფორმაცია გახლდათ კონფიდენციალური. თუმცა, მოგვიანებით, საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში იხილა ექიმების საავადმყოფოში შესვლის პროცესი, რასაც მიეძღვნა პოლიტიკური გადაცემები და იმთავითვე თავად დაარღვიეს კონფიდენციალურობა;

ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით;

ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა თავად სამსახურმა. შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას;

ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას;

მივმართავთ თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოისმინოს პოლონეთის საელჩოს პოზიცია, რადგან სწორედ პოლონეთის საელჩო იყო ამ ექიმების ერთ-ერთი რეკომენდატორი;

საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რომ სამართალი აღსრულდეს. სასჯელის აღსრულება არის სამართლის აღსრულება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც როგორც მსჯავრდებულ სააკაშვილის, ისე ყველა სხვა პატიმრის უფლება არის დაცული;

ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონმდებლობის ფარგლებში; ჩვენთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა წმინდა პოლიტიკურ შთაბეჭდილებებს, რომლებიც არ ეფუძნება მტკიცებულებებს;

ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რაოდენ დიდი გაერთიანებაც უნდა შედგეს, რომელიც არ ეფუძნება მტკიცებულებებს და რომლის უკანაც არ დგას ლოგიკა, ჩვენ ვერავის აზრს ვერ გავითვალისწინებთ, ჩვენ ვიმოქმედებთ მკაცრად კანონმდებლობის ფარგლებში.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.