ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 06 ოქტომბერი, 2021
გაზიარება

მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 20 საუკეთესო ქვეყანას შორისაა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის შედეგებს აფასებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროპის ქვეყნებისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია, მსოფლიო მასშტაბით კი, 21-ე ადგილს იკავებს. შარშანდელთან შედარებით, საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 8 ადგილით გაიუმჯობესა და შეფასების 100%-იანი სკალით 62% აიღო, რაც ისტორიულად მაქსიმალური შედეგია.

„ეს წარმატება საქართველოს მთავრობის ეფექტური საქმიანობის შედეგია... საუბარია, განსაკუთრებით ორ ინდიკატორზე - სახელმწიფო სერვისების გაცემას და ანტიკორფუციულ რეფორმებზე“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, „სერვისების დახვეწა და მათი ხელმისაწვდომობის ზრდა ყოველდღიური პროცესია, ანტიკორუფციული რეფორმების კუთხით კი, გაიზარდა ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა და დაიხვეწა სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა“.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით ამ კურსის ერთგულნი და გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ“, - აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსის მონაცემით საქართველო ლიდერია შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში, მსოფლიო მასშტაბით კი, უსწრებს გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, კანადას, ნიდერლანდებს, ავსტრალიას, იტალიას, პორტუგალიას, ნორვეგიას, შვედეთს, ისრაელს, სინგაპურს, სამხრეთ კორეას და ა.შ.

მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსი ტრანსეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა „SolAbility“-მ გამოაქვეყნა. კვლევა მსოფლიოს 180 ქვეყნის მთავრობებს 26 ინდიკატორის მიხედვით აფასებს, რომელიც საბოლოოდ 5 ფაქტორის 15 კრიტერიუმად ჯგუფდება. რეიტინგის განმსაზღვრელი ფაქტორებია: თანმიმდევრული მმართველობა (კრიტერიუმები: სახელმწიფო სერვისები, განათლების ბიუჯეტი, სამხედრო ხარჯები), ინფრასტრუქტურა (კრიტერიუმები: ინვესტიციები, გზები და რკინიგზა, საკომუნიკაციო ქსელური ინფრასტრუქტურა), ბიზნესგარემო (კრიტერიუმები: ბიზნესის კეთების სიმარტივე, ბიზნესის რეგისტრაცია, სექტორული განვითარება), კორუფცია (კრიტერიუმები: კორუფციის ინდექსი, მექრთამეობის გავრცელება, ბიუროკრატიზაცია), ფინანსური სტაბილურობა (კრიტერიუმები: ფინანსური მდგრადობა, ფინანსური შოკების გავლენა, ფინანსური რეგულაცია).

მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი მსოფლიო ბანკის, გაერო-ს პროფილური ინსტიტუტებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების გამოკვლევებს ეფუძნება.


სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.