ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
გაზიარება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების (CCPCJ) 34-ე სესიაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის (CCPCJ) 34-ე სესიის ფარგლებში კომისიის საქმიანობის სფეროს არსებითი საკითხების განხილვაში.

სესიის ფარგლებში განიხილეს, მათ შორის, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფოთა მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგები და სამომავლო პერსპექტივები; ასევე, სახელმწიფოთა მიერ სისხლის სამართლის პოლიტიკისა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის საკითხებზე კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტების აღსრულების ტენდენციები. დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის ფარგლებში შემუშავებულია გაეროს სტანდარტებისა და ნორმების სახელმძღვანელო ინსტრუმენტები, რომლებიც აერთიანებს სისხლის სამართლის სფეროს არსებით საკითხებს.

კომისიამ იმსჯელა გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-15 კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოების შინაარსობრივ და ორგანიზაციულ საკითხებზე. კონგრესი დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის სფეროში გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მიზანია ცოდნის, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლისთვის ეროვნული და საერთაშორისო სტრატეგიების შემუშავება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტების განსაზღვრა.

სესიას, ასევე, ესწრებოდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლომთაძე.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იუსტიციის სამინისტრომ ზუგდიდში აღნიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იუსტიციის სამინისტრომ ზუგდიდში აღნიშნა

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ თავდაცვის ძალების შეიარაღების, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საჯარო რეესტრის სპეცტექნიკის გამოფენები, ეროვნული არქივის ინსტალაციები; გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში; მიეღოთ სიმბოლური პასპორტები; დაბადებისა და ქორწინების მოწმობები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მსჯავრდებულთა ნამუშევრებისა და „რე-მარკეტის“ გამოფენა-გაყიდვა.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, სიმბოლურად აჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, ღონისძიება კი, გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა.

იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

1700 წელია რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს!

ეს დღე ჩვენია!

გაზიარება
ბეჭდვა

პაატა სალიამ მთავრობის წევრებთან ერთად სამების ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები და იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ.

პაატა სალიამ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 2 სამხედრო პირი და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.