ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 21 ივნისი, 2023
გაზიარება

რატი ბრეგაძე: „კიბერუსაფრთხოება თანამედროვე სახელმწიფოს იმუნიტეტის განუყოფელი ნაწილია“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი – 2023“ გახსნა.
იუსტიციის სამინისტრო 2012 წლიდან საქართველოში კიბერუსაფრთხოების სფეროს ერთ-ერთი მთავარი მარეგულირებელი და ზედამხედველი უწყებაა. იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებელია სახელმწიფო სერვისების უსაფრთხოდ მიწოდებასა და კიბერუსაფრთხოების სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე.
კიბერუსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

„21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიურ ეპოქაში, მრავალი სფეროს გაციფრულებამ, ერთი მხრივ, ცხოვრება მნიშვნელოვნად გაამარტივა, ხოლო მეორე მხრივ, წარმოშვა მრავალი გამოწვევაც. შეიძლება ვინმეს სულ რამდენიმე წლის წინ ფანტასტიკის სფეროდ მიეჩნია ნათქვამი, რომ საჯარო მმართველობა იქნებოდა სრულიად ციფრული, თუმცა, დღეს ეს უკვე რეალობაა. იუსტიციის სფეროში სულ მალე ადმინისტრაციული აქტები, კანონები, სასამართლო გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანწილად მომზადდება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. შესაბამისად, რაც უფრო მეტად იზრდება ციფრული სფერო, მით მეტი საფრთხე იქნება მომავალში. ამიტომ კიბერუსაფრთხოებას მომავალში კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება. კიბერუსაფრთხოება თანამედროვე სახელმწიფოს იმუნიტეტის განუყოფელი ნაწილია და მასზე ზრუნვა ნებისმიერი ორგანიზმის გადასარჩენად არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც კი შეიძლება თანამედროვე სახელმწიფოს ჰქონდეს.


ადგილობრივის გარდა, უსაფრთხოებას, ასევე, აქვს საერთაშორისო განზომილება და სწორედ ამიტომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც ერთ-ერთი მთავარი და პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარული ვარ, რომ ამ ფორუმზე წარმოვადგენ იუსტიციის სამინისტროს, სადაც ციფრული მმართველობის სააგენტო ასრულებს ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს, თუნდაც, კერძო სექტორის ციფრული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ ყველაფერს კი, სჭირდება ფართო ფორუმი, თანამშრომლობა როგორც უწყებათაშორის, ისე საერთაშორისო დონეზე და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრს, რომელიც თავმჯდომარეობს ამ ფორუმს, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყველა წევრს მადლობას ვუხდით იუსტიციის სამინისტროს სახელით როგორც ამ ფორუმის ორგანიზებისთვის, ისე სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადადგმული თითოეული ნაბიჯისთვის. ვაცხადებთ სრულ მზაობას, რომ ყველა უწყებასთან ერთად ვითანამშრომლოთ მაქსიმალურად ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.


ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობენ კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართული საქართველოს საჯარო უწყებების წარმომადგენლები, პარტნიორი ქვეყნების უცხოელი ექსპერტები და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სექტემბრის სხდომაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა.

საქართველოს ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით, კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას:

  • შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან;
  • შეწყვიტოს ე.წ. ბორდერიზაცია, უზრუნველყოს მოსახლეობის თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება, საკუთრებაზე წვდომა და ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში;
  • შექმნას დევნილებისთვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები და აღკვეთოს მკვლელობების, გატაცებების, წამების, უკანონო დაკავებებისა და სხვა მძიმე დარღვევების პრაქტიკა.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში უკვე მიაღწია ისტორიულ გამარჯვებებს - მათ შორის, ე.წ. დეპორტირებულების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და „განგრძობადი ოკუპაციის“ საქმეებზე.

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა. ლაშა მაღრაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში;

აქვს 20-წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიც არის: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება; სააღსრულებო სისტემა; სასამართლო სისტემა; სამოსამართლო სწავლება; ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა პირველი მოადგილის თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.