უახლესი ვიდეოები
სტრასბურგის სასამართლომ ბაჩანა ახალაიას საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა
2022 წლის 30 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა განჩინება საქმეზე – „ახალაია საქართველოს წინააღმდეგ“ და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.
მომჩივანი - ბაჩანა ახალაია სტრასბურგის სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ 2012-2014 წლებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - იყო უკანონო, რადგან პატიმრობის საერთო ვადა აღემატებოდა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადას - 9 თვეს. მომჩივანი აგრეთვე აცხადებდა, რომ მისი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ და ემსახურებოდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის მიზანს (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) კონვენციის მე-18 მუხლთან (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები) ერთობლიობაში).
ევროპული სასამართლოს შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების სახით მომჩივნის პატიმრობა იყო სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და სასამართლოს პრაქტიკასთან. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში არ ყოფილა გამოძიების განზრახ გაჭიანურება ან რაიმე თვითნებობა საგამოძიებო ორგანოს/პროკურატურის ან სასამართლოს მხრიდან.
ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით იყო სათანადოდ დასაბუთებული როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე ევროპული სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნებოდა მისი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების დადასტურებულ საფრთხეებს.
რაც შეეხება მომჩივნის პრეტენზიებს მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან პატიმრობის კანონიერებასთან დაკავშირებით პრეტენზიები აშკარად დაუსაბუთებელია, ასევე დაუშვებლად უნდა გამოცხადდეს მომჩივნის პოზიცია, თითქოს მისი დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული.