ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 14 აგვისტო, 2025
გაზიარება

იუსტიციის მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს იუსტიციის სამინისტროს სსიპ “საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს” და მსოფლიო ბანკის მრავალწლიანი პარტნიორობის საკითხები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

საუბარი შეეხო რეფორმებს ციფრული მმართველობისა და მიწის რეგისტრაციის მიმართულებით. მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოში განხორციელებული რეფორმები და სააგენტოს მიერ დაგროვილი გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანი საფუძველია არსებული ცოდნის სხვა ქვეყნებთან გასაზიარებლად.

აღინიშნა, რომ მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული NSDI გეოპორტალის, „გონიერი კონტრაქტის“ და მიწის სისტემური რეგისტრაციის ინოვაციური ელექტრონული სერვისების ეფექტურობა და სანდოობა, ქვეყნის მიერ აღებული სასესხო ვალდებულების მთავრობის მიერ ეფექტიანი გამოყენების და განხორციელებული ინვესტიციის შედეგიანობის ნათელი მაგალითია.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის მენეჯერი ელენე გრიგოლია.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.