ცხელი ხაზი2 405 505

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნის განმტკიცებას ემსახურება სამინისტროს სისტემის მასშტაბით ინკლუზიური პროექტების ხელშეწყობა და შშმ პირთა სამინისტროს საქმიანობაში ჩართვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით იუსტიციის სამინისტროს მიერ სისტემის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი აქტივობა, რომლებიც მოიცავდა შშმ პირებისთვის როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სერვისების მისაწვდომობის უზრუნველყოფას.


2020 წლის 14 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. კანონი ეფუძნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციას, რომლის რატიფიკაცია საქართველომ 2013 წელს მოახდინა.


კანონი საჯარო და ადმინისტრაციულ ორგანოებს აკისრებს, მოამზადონ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კანონის ეფექტური აღსრულებისათვის.


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს სისტემის მასშტაბით იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ფუნქციებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს; ასევე, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აქტიური ჩართულობით შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წლიურ სამოქმედო გეგმებს.


ამასთან, სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის პროცესის ინკლუზიურობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით 2022 წელს შეიქმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭო, რომლის სამდივნოს ფუნქციას უწყების ანალიტიკური დეპარტამენტი ასრულებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შშმ პირთა თემთან მუდმივი და მჭიდრო კონსულტაციების გამართვა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შშმ პირთა არსებითი ჩართულობა.

მიმაგრებული დოკუმენტები