ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

კვირა, 09 ოქტომბერი , 2022
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სვანეთში დაცულ ქურაშის ოთხთავს რესტავრაცია ჩაუტარდება

ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, IX-X საუკუნეების პალიმფსესტური სახარება, თბილისში დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასა და ეცერის თემის წარმომადგენლებთან შეთანხმებით ჩამოიტანეს. ტრანსპორტირების პროცესს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უნიკალური ხელნაწერი ეროვნულ არქივში სარესტავრაციო სამუშაოებისთვის 18 თვეს დარჩება, შემდეგ კი, სრულად რესტავრირებული ოთხთავი კვლავ ეცერის თემში დაბრუნდება. სამუშაოების გეგმა-გრაფიკი ოთხთავის დაზიანების ხარისხის დადგენის შემდეგ განისაზღვრება.

რესტავრაციას ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის რესტავრატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესისი სრული დაცვით შეასრულებენ, რაც გაზრდის უნიკალური დოკუმენტის დაცულობის ხარისხსა და მისი შენახვის ხანგრძლივობას.

ქურაშის სახარება სვანეთში დაცული მეორე ხელნაწერია, რომელიც რესტავრაციის პროცესს ეროვნული არქივის ლაბორატორიაში გაივლის. 2021 წელს აქ ლახამულის XII საუკუნის ოთხთავის სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. უნიკალურ ხელნაწერებზე მუშაობის შესაძლებლობას ლაბორატორიის თანამედროვე, ევროპული სტანდარტის შესაბამისი მასალა-დანადგარები და რესტავრატორთა მაღალი პროფესიონალიზმი განაპირობებს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ კურმანკულ ზულუშევს შეხვდა

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების, მათ შორის, ექსტრადიციის და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მიმართულებით.

მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ასევე, თანამედროვე სტანდარტების საპასუხო პენიტენციური სისტემისა და ციხის ალტერნატიული სასჯელების განვითარება, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ყირგიზეთისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, მათ შორის, სამართლის აღსრულების, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული ინოვაციების კუთხით.

ყირგიზეთის გენერალური პროკურორი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და გაეცნობა ქართულ ტექნოლოგიურ ინოვაცია „ProbBox”-ს, რომელიც პრობაციის ევროპულმა კონფედერაციამ (CEP) ევროპული მასშტაბის ინოვაციად აღიარა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ იურისტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ბექა ძამაშვილმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა ისაუბრეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

ქართულმა მხარემ აღნიშნა დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: არბიტრაჟის სისტემის განვითარება და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და არბიტრაჟებში, აგრეთვე, სამართლებრივი აქტის, კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იურიდიული ექსპერტიზა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ინგლისური სამართლის პოპულარიზაციისა და იურისტებს შორის პრეცედენტული სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი.