ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 24 მარტი , 2022
გაზიარება

რატი ბრეგაძე: „2008 წლის ომზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ არის დადასტურებული, რომ სიმართლე არის საქართველოს მხარეს და ეს არის საქართველოს ძალიან დიდი გამარჯვება საერთაშორისო არენაზე“

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. ამის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

„ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდნენ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია, რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტულ წარმომადგენლებს.

სასამართლოს დღევანდელი განჩინებით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები ამოიწურა და ამ საკითხის ირგვლივ არსებული ყველა დავა დასრულდა.

იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ გარემოებაზე, კერძოდ: დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 154 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია. შედარებისთვის – 2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 3000-დან 4000-მდე საჩივარს.

„სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგია – საქართველოს მოქალაქეების საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

2022 წლის მდგომარეობით, ასეთი მცირე ოდენობის საჩივრები განიხილება სკანდინავიისა და რამდენიმე დასავლეთევროპული ქვეყნის, ასევე, მოსახლეობით ძალიან მცირე სახელმწიფოების წინააღმდეგ; ცენტრალურ და აღმოსავლეთევროპულ სახელმწიფოებს შორის კი, საქართველო საუკეთესო ოთხეულშია ჩეხეთის, სლოვენიისა და ესტონეთის გვერდით და, ჯამში, უსწრებს ევროპის საბჭოს 25 (მათ შორის, ევროკავშირის 14) სახელმწიფოს.

ინფორმაციისთვის: რუსეთის კოორდინაციით 2008-2009 წლებში საქართველოს წინააღმდეგ 3,300-ზე მეტი საჩივარი შევიდა, თუმცა, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და სამართლებრივი პოზიციების საფუძველზე საჩივრების აბსოლუტური უმრავლესობა ამოირიცხა ან გამოცხადდა დაუშვებლად, რადგან ევროპულ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რომელიც საქართველოს მიერ ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევას დაადასტურებდა.

დღევანდელი განჩინება წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს კიდევ ერთ გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2021 წლის 21 იანვარს აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის მასობრივი დარღვევა და დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან, საქართველომ გამარჯვება მოიპოვა, ასევე, 2022 წლის 10 მარტს, როდესაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 პირის მიმართ აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო ინტერესების დაცვას საერთაშორისო სასამართლოებში.

„2008 წლის ომზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ არის დადასტურებული, რომ სიმართლე არის საქართველოს მხარეს და ყველა ერთად აუცილებლად ვიზეიმებთ მის დიდ გამარჯვებას“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ კურმანკულ ზულუშევს შეხვდა

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების, მათ შორის, ექსტრადიციის და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მიმართულებით.

მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ასევე, თანამედროვე სტანდარტების საპასუხო პენიტენციური სისტემისა და ციხის ალტერნატიული სასჯელების განვითარება, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ყირგიზეთისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, მათ შორის, სამართლის აღსრულების, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული ინოვაციების კუთხით.

ყირგიზეთის გენერალური პროკურორი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და გაეცნობა ქართულ ტექნოლოგიურ ინოვაცია „ProbBox”-ს, რომელიც პრობაციის ევროპულმა კონფედერაციამ (CEP) ევროპული მასშტაბის ინოვაციად აღიარა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ იურისტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ბექა ძამაშვილმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა ისაუბრეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

ქართულმა მხარემ აღნიშნა დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: არბიტრაჟის სისტემის განვითარება და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და არბიტრაჟებში, აგრეთვე, სამართლებრივი აქტის, კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იურიდიული ექსპერტიზა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ინგლისური სამართლის პოპულარიზაციისა და იურისტებს შორის პრეცედენტული სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი.