ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 29 ივნისი , 2022
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელ ნიკ ბერესფორდთან საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა და UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში თანამშრომლობის არსებული მიმართულებები განიხილეს და ურთიერთობის გაღრმავების შესაძლო სფეროებზე იმსჯელეს. რატი ბრეგაძემ ნიკ ბერესფორდს ის სიახლეები გააცნო, რომლებიც სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით ხორციელდება.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა 5 რაიონში − გარდაბანში, წყალტუბოში, სიღნაღში, კასპსა და ჩხოროწყუში; მშენებლობები მიმდინარეობს კიდევ კიდევ 6 მუნიციპალიტეტში − ზესტაფონში, სამტრედიაში, თერჯოლაში, ხაშურში, ახმეტასა და სუფსაში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მობილური იუსტიციის სახლის პროექტს, რომელიც იმ სოფლებისთვის ამოქმედდა, სადაც იუსტიციის სახლის ფილიალები ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს. იუსტიციის სახლის მიკროავტობუსი − „მობილური იუსტიციის სახლი“ მოსახლეობას საკუთარ სახლთან აწვდის ყველა იმ სერვისს, რომელთა მისაღებად იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში ვიზიტი იყო საჭირო. სერვისი 7 რაიონში უკვე ხელმისაწვდომია.


უკვე მიმდინარეობს მუშაობა ციფრული იუსტიციის სახლის პროექტზე, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, მობილური აპლიკაციის საშუალებით მიიღონ იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისი.

რეფორმების წარმატების შედეგია ის, რომ UNDP-ისა და UK aid-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მომხმარებელთა 96%-სთვის სერვისები მარტივად ხელმისაწვდომია, მომსახურებით კმაყოფილების მაჩვენებელი კი 97%-ია.

რატი ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა ნიკ ბერესფორდს იმისათვის, რომ UNDP-ის მხარდაჭერის შედეგად, საქართველოში პირველად შეიქმნა სახელმწიფო სერვისების განვითარების ერთიანი სტრატეგია. დოკუმენტი უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ. სტრატეგიის მიზანი სახელმწიფო სერვისების კიდევ უფრო გამარტივება და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

რატი ბრეგაძემ და ნიკ ბერესფორდმა საჯარო სერვისების სფეროში საქართველოს ინოვაციური პროექტების ექსპორტის საკითხებიც განიხილეს.


შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები თამარ ტყეშელაშვილი და ბექა ძამაშვილი ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ კურმანკულ ზულუშევს შეხვდა

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების, მათ შორის, ექსტრადიციის და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მიმართულებით.

მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ასევე, თანამედროვე სტანდარტების საპასუხო პენიტენციური სისტემისა და ციხის ალტერნატიული სასჯელების განვითარება, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ყირგიზეთისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, მათ შორის, სამართლის აღსრულების, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული ინოვაციების კუთხით.

ყირგიზეთის გენერალური პროკურორი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და გაეცნობა ქართულ ტექნოლოგიურ ინოვაცია „ProbBox”-ს, რომელიც პრობაციის ევროპულმა კონფედერაციამ (CEP) ევროპული მასშტაბის ინოვაციად აღიარა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ იურისტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ბექა ძამაშვილმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა ისაუბრეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

ქართულმა მხარემ აღნიშნა დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: არბიტრაჟის სისტემის განვითარება და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და არბიტრაჟებში, აგრეთვე, სამართლებრივი აქტის, კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იურიდიული ექსპერტიზა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ინგლისური სამართლის პოპულარიზაციისა და იურისტებს შორის პრეცედენტული სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი.