ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 01 იანვარი , 2024
გაზიარება

იუსტიციის მინისტრი ახალ წელს ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ბაზაზე შეხვდა

რატი ბრეგაძემ 2024 წლის დადგომა, ტრადიციულად, იმ თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა, რომლებიც დღესასწაულს სამუშაო გარემოში, ოჯახის წევრებისაგან მოშორებით ხვდებიან.

2024 წლის პირველ დღეს მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ბაზაზე უახლესი სპორტული კომპლექსი გახსნა. კომპლექსი ფეხბურთის, კალათბურთის მოედანსა და სატრენაჟორო სივრცისგან შედგება.

მინისტრმა ახალი წლის დადგომა N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებსაც მიულოცა და გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ 2023 წელი საინტერესო გამოწვევებთან გამკლავებისა და პოზიტიური შედეგების წელი იყო.

2024 წელი კი ინსფრასტრუქტურული განახლებებისა და კიდევ მეტი წარმატების წელი იქნება ქვეყნისთვის და მის სამსახურში მყოფი თითოეული ადამიანისათვის. მინისტრმა გამოხატა რწმენა, იმისა, რომ ახალი წლიდან ახალი ენერგიითა და გაზრდილი მოტივაციით კიდევ უფრო მეტის გაკეთება იქნება შესაძლებელი.

იუსტიციის სამინისტრო გილოცავთ 2024 წელს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი ნიუ-იორკში ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა

ორმხრივი შეხვედრის ფორმატში საუბარი შეეხო 2026 წელს თბილისში გაერო-ს საჯარო სერვისების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებას, რისთვისაც თამარ ტყეშელაშვილმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის გუნდს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.

აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ადამიანზე ორიენტირებული სისტემის შექმნაა, რომელიც თანაბრად უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და უსაფრთხო სერვისების მიწოდებას.

თამარ ტყეშელაშვილმა ისაუბრა საჯარო მმართველობის რეფორმის 2023-2026 წლების და საჯარო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის მნიშვნელობაზე. ორივე დოკუმენტის ფარგლებში საქართველო აგრძელებს საჯარო სერვისების განვითარებას, რაც უზრუნველყოფს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გაზრდის ეფექტურობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისები გაერო-ს საჯარო სამსახურის 2024 წლის ჯილდოებზეა წარდგენილი.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და ხელშესახებ პროგრესს ეფექტური, გამჭვირვალე, ინკლუზიური და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნაში.

შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო მომსახურების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებაზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე.

გაზიარება
ბეჭდვა

პრაღაში ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი მიმდინარეობს

რიგით მეორე ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა გახსნეს.

რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა მხარეებს შორის უკვე დამკვიდრებული ორმხრივი ფორუმის მნიშვნელობას და ტრადიციას. მინისტრმა აღნიშნა ქართულ-ჩეხური დარგობრივი თანამშრომლობის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანია.

ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას ქართული და ჩეხური სამართლებრივი სისტემების დაახლოების, ინსტიტუციური და შინაარსობრივი გაძლიერების კუთხით. ამასთან, ფორუმი საქართველოსა და ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროების, სამართლის დარგის პროფესიონალთა და სასამართლო სისტემის წარმომადგენელთათვის თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და კონკრეტული ინიციატივების განხილვის საშუალებაა.

ღონისძიების ფარგლებში, სასესიო ფორმატში განხილულ იქნება ადამიანის უფლებათა დაცვისა და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმები; ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი და პროგრესი ევროკავშირის სამართალთან; პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომელთა მუდმივი გადამზადების მნიშვნელობა; მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობის მიზნით განხორციელებული რეფორმები; ადვოკატთა როლი ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში; განრიდებისა და მედიაციის როლი სისხლის სამართლის სფეროში და სხვ.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი; ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლები.

ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის დაფუძნების იდეა 2022 წლის ოქტომბერში ჩეხეთისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას გაჩნდა. ღონისძიებას თბილისი და პრაღა მორიგეობით მასპინძლობს.