ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 21 ოქტომბერი , 2021
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ნონა გაფრინდაშვილთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელ ქალ მსჯავრდებულებს გამარჯვება მიულოცა და საჩუქრები გადასცა

,,ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ყველა მსჯავრდებულს მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება“, _ამის შესახებ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ,,შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ ღონისძიებაზე განცხადა. მინისტრმა ქალ მსჯავრდებულებს გამარჯვება მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა.

ტურნირში გამარჯვებული ქალი მსჯავრდებულებისთვის დაჯილდოვების ცერემონია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და იუსტიციის სამინისტროს ხელშეწყობით გაიმართა და მას შეჯიბრში მონაწილე მსჯავრდებულებიც დაესწრნენ.

ქალ მსჯავრდებულებს ტურნირში გამარჯვება მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა პირადად მიულოცა და საჩუქრად მედლები და სხვადასხვა სახეობის პრიზები გადასცა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდმა მსჯავრდებულთა შორის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეჯიბრი ონლაინრეჟიმში გაიმართა.დასკვნით ასპარეზობაზე 4 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა: საქართველო, რუსეთი, უკრაინა და ტრინიდად-ტობაგო. ფინალურ ბრძოლაში ქალმა მსჯავრდებულებმა რუსეთის გუნდი დაამარცხეს და გამარჯვება მოიპოვეს. See less

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ კურმანკულ ზულუშევს შეხვდა

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების, მათ შორის, ექსტრადიციის და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მიმართულებით.

მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ასევე, თანამედროვე სტანდარტების საპასუხო პენიტენციური სისტემისა და ციხის ალტერნატიული სასჯელების განვითარება, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ყირგიზეთისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, მათ შორის, სამართლის აღსრულების, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული ინოვაციების კუთხით.

ყირგიზეთის გენერალური პროკურორი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და გაეცნობა ქართულ ტექნოლოგიურ ინოვაცია „ProbBox”-ს, რომელიც პრობაციის ევროპულმა კონფედერაციამ (CEP) ევროპული მასშტაბის ინოვაციად აღიარა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ იურისტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ბექა ძამაშვილმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა ისაუბრეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

ქართულმა მხარემ აღნიშნა დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: არბიტრაჟის სისტემის განვითარება და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და არბიტრაჟებში, აგრეთვე, სამართლებრივი აქტის, კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იურიდიული ექსპერტიზა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ინგლისური სამართლის პოპულარიზაციისა და იურისტებს შორის პრეცედენტული სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი.