ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 22 სექტემბერი , 2022
გაზიარება

ბათუმი აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

35-მდე ქვეყნის 150 დელეგატი აღსრულების პროცესში ახალ ტექნოლოგიებსა და ციფრული მმართველობის დანერგვის საკითხებს განიხილავს. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი მარკ შმიდტი, მმართველი საბჭოს წევრები და სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები ესწრებიან.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს სააღსრულებო სისტემაში უკვე დანერგილი ელექტრონული სერვისები გააცნო და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

სერვისების გაციფრულების და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით აღსრულების ეროვნულ ბიროში უკვე არაერთი სიახლეა დანერგილი, მათ შორის, ციფრული არქივი, ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა, გამარტივებული საქმისწარმოების პლატფორმა, ელექტრონული სისტემის აწყობა მუნიციპალიტეტებსა და კერძო ბანკებთან და სხვა თანამედროვე ციფრული სერვისები.

მინისტრმა აღსრულების ახალი კოდექსის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კანონის მიღების შემდეგ სააღსრულებო სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.

კონფერენციის ფარგლებში ოთხი პანელური დისკუსია გაიმართება. თითოეულზე მონაწილეები ციფრული და ტექნოლოგიური მიღწევების სააღსრულებო პროცესში დანერგვის შესაძლებლობებზე ისაუბრებენ; მათ შორის, ფაქტების კონსტატაციის, სააუქციონო მომსახურების, მოვალეთა რეესტრის ბლოკჩეინის სისტემაში ინტეგრირების, აღსრულების პროცესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის, ტექნიკური სამუშაოს გაციფრულებისა და ადამიანური რესურსის გამოთავისუფლების შესახებ; გაიმართება სხვადასხვა ქვეყნაში უკვე ადაპტირებული გაციფრულების პროცესისა და ელექტრონული სერვისების დანერგვის პრაქტიკული მაგალითების განხილვა.

კონფერენცია აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს. გახსნის ღონისძიებას, აგრეთვე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და სხვა ოფიციალური პირები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ კურმანკულ ზულუშევს შეხვდა

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების, მათ შორის, ექსტრადიციის და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მიმართულებით.

მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ასევე, თანამედროვე სტანდარტების საპასუხო პენიტენციური სისტემისა და ციხის ალტერნატიული სასჯელების განვითარება, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ყირგიზეთისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, მათ შორის, სამართლის აღსრულების, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული ინოვაციების კუთხით.

ყირგიზეთის გენერალური პროკურორი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და გაეცნობა ქართულ ტექნოლოგიურ ინოვაცია „ProbBox”-ს, რომელიც პრობაციის ევროპულმა კონფედერაციამ (CEP) ევროპული მასშტაბის ინოვაციად აღიარა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ იურისტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ბექა ძამაშვილმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა ისაუბრეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

ქართულმა მხარემ აღნიშნა დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: არბიტრაჟის სისტემის განვითარება და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და არბიტრაჟებში, აგრეთვე, სამართლებრივი აქტის, კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იურიდიული ექსპერტიზა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ინგლისური სამართლის პოპულარიზაციისა და იურისტებს შორის პრეცედენტული სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი.