ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 11 აპრილი , 2024
გაზიარება

ერევანი მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს

მეხუთე სამართლებრივი ფორუმი საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა გახსნეს. სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიზნით გატარებული რეფორმებისა და მიღწევების თაობაზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრებმა ფორუმის პირველ სესიაზე.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ აღნიშნა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობა, ამასთან, ისაუბრა, ადვოკატთა და სამართლის პროფესიონალთა როლზე სამართლის უზენაესობის განმტკიცების პროცესში. დამატებით, ხაზი გაესვა იუსტიციის სამინისტროს სისტემის ფარგლებში გატარებულ რეფორმებს, მათ შორის, პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში დანერგილ ინოვაციურ სიახლეებს, სახელმწიფო სერვისების მიწოდების დახვეწილ მიდგომებს, სამართლის დარგის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიის ჩართულობას სამართალშემოქმედების პროცესში.

სამართლებრივი ფორუმი საუკეთესო პლატფორმაა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების, საგამოძიებო ორგანოების, საადვოკატო სფეროს, საარბიტრაჟო ინსტიტუტების და სხვა იურიდიული პროფესიების წარმომადგენელთათვის თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და კონკრეტული ინიციატივების განხილვისათვის.

ღონისძიებაში იუსტიციის მინისტრის მოადგილეებსა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, მედიატორთა ასოციაციის, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი პირები.

სამართლებრივი ფორუმი ორ დღეს გაგრძელდება.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი ნიუ-იორკში ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა

ორმხრივი შეხვედრის ფორმატში საუბარი შეეხო 2026 წელს თბილისში გაერო-ს საჯარო სერვისების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებას, რისთვისაც თამარ ტყეშელაშვილმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის გუნდს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.

აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ადამიანზე ორიენტირებული სისტემის შექმნაა, რომელიც თანაბრად უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და უსაფრთხო სერვისების მიწოდებას.

თამარ ტყეშელაშვილმა ისაუბრა საჯარო მმართველობის რეფორმის 2023-2026 წლების და საჯარო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის მნიშვნელობაზე. ორივე დოკუმენტის ფარგლებში საქართველო აგრძელებს საჯარო სერვისების განვითარებას, რაც უზრუნველყოფს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გაზრდის ეფექტურობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისები გაერო-ს საჯარო სამსახურის 2024 წლის ჯილდოებზეა წარდგენილი.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და ხელშესახებ პროგრესს ეფექტური, გამჭვირვალე, ინკლუზიური და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნაში.

შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო მომსახურების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებაზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე.

გაზიარება
ბეჭდვა

პრაღაში ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი მიმდინარეობს

რიგით მეორე ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა გახსნეს.

რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა მხარეებს შორის უკვე დამკვიდრებული ორმხრივი ფორუმის მნიშვნელობას და ტრადიციას. მინისტრმა აღნიშნა ქართულ-ჩეხური დარგობრივი თანამშრომლობის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანია.

ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას ქართული და ჩეხური სამართლებრივი სისტემების დაახლოების, ინსტიტუციური და შინაარსობრივი გაძლიერების კუთხით. ამასთან, ფორუმი საქართველოსა და ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროების, სამართლის დარგის პროფესიონალთა და სასამართლო სისტემის წარმომადგენელთათვის თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და კონკრეტული ინიციატივების განხილვის საშუალებაა.

ღონისძიების ფარგლებში, სასესიო ფორმატში განხილულ იქნება ადამიანის უფლებათა დაცვისა და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმები; ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი და პროგრესი ევროკავშირის სამართალთან; პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომელთა მუდმივი გადამზადების მნიშვნელობა; მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობის მიზნით განხორციელებული რეფორმები; ადვოკატთა როლი ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში; განრიდებისა და მედიაციის როლი სისხლის სამართლის სფეროში და სხვ.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი; ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლები.

ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის დაფუძნების იდეა 2022 წლის ოქტომბერში ჩეხეთისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას გაჩნდა. ღონისძიებას თბილისი და პრაღა მორიგეობით მასპინძლობს.